(რეზონანსი) არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია - ამის შესახებ ნათქვამია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას" დასკვნაში.
„ემპათიას" კომპლექსურ-კომისიურ სასამართლო ექსპერტიზას, ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი ტრავმული დაზიანების კვალი, რაც ადასტურებს, რომ დაზიანებები მიყენებულია ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევის მიზნით, ჯგუფურად-არაერთი პიროვნების მიერ.
ყველა წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ტრავმული დაზიანებები არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნება მთელ სხეულზე, თითქმის ყველა მიდამოში, მათ შორის, თავის არეში და სასქესო ორგანოების მიდამოში.
ამავე დასკვნით, წამების დროს ადგილი ჰქონდა შემდეგი მეთოდების გამოყენებას - სასტიკი ცემა, განმეორებითი დარტყმებით სხეულის მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებით კი ხელის მტევნებისა და მარცხენა წვივის არეში, მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სხეულის მთელ ზედაპირზე.