(რეზონანსი) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული" და „არაპროფესიონალური" უწოდა.
„სამწუხაროა, რომ თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი" ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას იყოს ტაქტიანი და კრიტიკა, რომელსაც ის გამოხატავს, იყოს დასაბუთებული.
ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ასევე ავალდებულებს, რომ მან საკუთარი საქმიანობისას ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში, იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას", -აღნიშნულია საიას განცხადებაში.