პოლიციამ სამი მოქალაქეს დააკავა, რომელთა საქმიანობითაც 50-მდე ადამიანმა ჯამში ასობით ათასი დოლარი დაკარგა. დაზარალებულების ნაწილმა ბროკერულ კომპანია "ეფიქს ბიზნეს გრუპში" თანხა მაშინ შეიტანა, როდესაც ამ კომპანიის საქმიანობით სამართალდამცავი უწყებები უკვე დაინტერესებულები იყვნენ.
პირველი ეჭვი ბროკერული კომპანიის არაკანონიერ საქმიანობაზე რამდენიმე ტრეიდერს ერთი წლის წინ გაუჩნდა და კომპანიის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურას მიმართეს, თუმცა მაშინ გამოძიება არ დაწყებულა. ამ ხნის განმავლობაში კი დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდა.
დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "ეფიქს ბიზნეს გრუპის" სამი ხელმძღვანელი დააკავეს. გიორგი, ირაკლი ჭანტურიებს და გიორგი კალანდაძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდება უკვე წაუყენეს.
გამოძიების მასალებით, მათ, დაახლოებით, 50 ადამიანი მოატყუეს, დაარწმუნეს იმაში, რომ, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე თანხის მოგებაში დაეხმარებოდა.
ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.