საქართველოში კონტრაბანდის უპრეცედენტო ზრდაა. ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ვლინდება თამბაქოსა და ძვირფასი ლითონების კონტრაბანდის ფაქტები. როგორც აღმოჩნდა, წლის განმავლობაში ბიუჯეტმა სიგარეტის კონტრაბანდის გამო რამდენიმე ათეული მლნ ლარით იზარალა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი ფაქტების შესახებ თვეში რამდენჯერმე ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია.
ეკონომისტები ამბობენ, რომ გამოვლენილი ფაქტების გარდა არაერთი დანაშაულია, რომელიც რეაგირების მიღმა დარჩა, ამიტომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა.
ქვეყანაში არსებული თამბაქოსთან დაკავშირებული მკაცრი პოლიტიკისა და ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, რის შედეგადაც მწეველთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა, იზრდება თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტები.
ბოლოს 2018 წლის 21 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ბათუმში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი "რუუეთ" ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია, საერთო ჯამში, 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის თქმით, როცა აქციზი გაიზარდა, თავისთავად მოსალოდნელი იყო კონტრაბანდის ზრდა და ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მით უფრო იმ ფონზე, როცა მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ღირებულება ბევრად ნაკლებია.
"შეუძლებელია, კონტრაბანდის რისკი არ წარმოიშვას მაშინ, როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი იაფია და დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ფაქტები კიდევ იქნება. რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, ზუსტი ოდენობა კონტრაბანდის მასშტაბისა უცნობია, რადგან რეალურად ძალიან ბევრი გამოუვლენელი ფაქტია.
ვფიქრობ, ხელისუფლებაც ელოდა მოჭარბებულ რისკს, რამდენადაც ამტკიცებდნენ, რომ სრულ მზადყოფნაში იყვნენ. რამდენად მოელოდნენ ამ მასშტაბს, ეს კიდევ სხვა საკითხია", - ამბობს ბაირახტარი.
ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო კონტრაბანდის ზრდა მოსალოდნელი იყო, ამით კი ბიუჯეტმა ათობით მლნ ლარი იზარალა.
"მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს აქციზზე გადასახადის განაკვეთი არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობაც დიდია. როდესაც ერთგან ნებისმიერი პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვაგან, მით უმეტეს, თუ საზღვრის კონტროლი შედარებით გართულებულია, მეწარმეები ცდილობენ, იქიდან, სადაც უფრო იაფი ღირს, გადაიტანონ იქ, სადაც უფრო ძვირი ღირს და გაყიდონ. იგივე ეხება თამბაქოსაც. ამის შედეგებიც ვნახეთ. ბუნებრივია, რომ ბევრს უჩნდება მოტივაცია, პროდუქცია კონტრაბანდული გზით შემოიტანოს და საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს. ამის წინასწარ დანახვა საკმაოდ ადვილი იყო, მთავრობასაც შეეძლო, ევარაუდა მოსალოდნელი საფრთხე და ასე ძალიან არ გაეძვირებინა აქციზის გადასახადი, როგორც ეს 2017 წლის 1 იანვრიდან მოხდა. გამოვლენილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტს სიგარეტის კონტრაბანდის შედეგად რამდენიმე ათეული მლნ ლარი დააკლდა. ამდენად, კონტრაბანდით, ერთი მხრივ, ბიზნესი დაზარალდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტი, რადგან დაგეგმილი ხარჯის გაწევა გართულდა", - აცხადებს ლაშა გოცირიძე.