თამარ მუკბანიანი
22.08.2018

 თბილისის მერია დაუსრულებელი შენობების პრობლემის მოგვარებას შეღავათების დაწესებით ცდილობს. ერთ-ერთ ღონისძიებად ამ ტიპის მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლება მიიჩნევა. ხოლო სპეციალისტები გაცილებით მეტს მოითხოვენ და მერს კანონში არსებული სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ.

დედაქალაქის მასშტაბით 179 დაუსრულებელი მშენებლობა და ათასობით დაზარალებული მენაშენეა. თბილისის მერია მშნებლობების დასრულების წასახალისებლად ორი შეღავათის დაშვებას გეგმავს, დღგ-საგან განთავისუფლება და ფართების კოეფიციენტის ზრდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შეღავათები გამოსავალი არ არის და აუცილებელია უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, განსაკუთრებით კი კანონში არსებული სანქციების ამოქმედება.

გასულ წლებში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ერთხელ უკვე გამოყენებული დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლების გარდა, დედაქალაქის მთავრობა მშენებლებისათვის კოეფიციენტის შესაძლო ზრდაზეც საუბრობს. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს წაახალისებს და შესაძლებელს გახდის 179 დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებას. სწორედ ამ ციფრს ასახელებს კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით საუბარი შედგა პრემიერთან და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღეს. მისივე თქმით, 50 დაუსრულებელი შენობის მეპატრონესთან თუ ამხანაგობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს და მერიას მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიკვეთა ფინანსური და იურიდიული პრობლემები. ასევე, ფართების კუთხით და მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიმართულებით. რაც შეეხება შეხვედრას პრემიერთან, ჩვენ მისგან მივიღეთ დავალება, ბიზნესს გადავცეთ, რომ გააქტიურდნენ. ამ მხრივ მისი სრული მხარდაჭერა გვაქვს. პრობლემები განსაკუთრებით გამოიკვეთა ფართებთან მიმართებით. მეორე, ეს არის ფინანსური საკითხები, როცა დაიწყეს მშენებლობა და სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მესამეა დავები, რომელიც ერთმანეთში აქვთ თვითონ მენაშენეებს, მფლობელებსა და ამხანაგობებს. არის შემთხვევებიც, როცა მოსახლეობა ეწინააღმდეგება წამოწყებულ მშენებლობებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს გააუარესებს მათ საცხოვრებელ გარემოს.

ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემები. ზოგს უკვე დაწყებული აქვს პროცედურა, ზოგთან მოლაპარაკება გვაქვს. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ქაქაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ შეღავათები არ არის საკმარისი, უნდა ამოქმედდეს სანქციები, რომელიც კანონში ისედაც არსებობს და მისი აღსრულება სათანადოდ არ ხდება.

"დაუსრულებელი მშნებლობების არსებობის მთავარი პრობლემა არის მშენებლობის მაკონტროლებელი ორგანოების პასიურობა. მოქმედი კანონმდებლობით, მშენებლობის მიტოვება არის სამართლებრივი კანონდარღვევა და მნიშვნელოვან სანქციებსაც იწვევს. ინვესტორი თუ არ ამთავრებს მშენებლობას, ის სახელმწიფოს ზედამხედველობით უნდა ჩანაცვლდეს ან იძულებული გახდეს, ბოლომდე მიიყვანოს მშნებლობა, რათა ქალაქს დაუსრულებელი მშენებლობები არ ჰქონდეს. განსაკუთრებული რეგულაციაა თბილისის ცენტრალურ უბნებში, სადაც ეს კანონმდებლობა უფრო მკაცრია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, მერია ამ ადმინისტრირებას არ ახორციელებს.  ვერავინ მეტყვის, ამ 179 მშენებლობიდან სანქცია რამდენზე აქვთ გატარებული, ამიტომ ცვლილებებსა და შეღავათებზე მნიშვნელოვანია, უკვე არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების აღსრულება", - განუცხადა "რეზონანსს" ზაქაშვილმა.

მისი ვარაუდით, დასახელებული ციფრი რეალურად, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან დაუსრულებელი მშენებლობების მასშტაბი ქვეყანაში გაცილებით დიდია.

"მთავარია მიზეზი, რამ მოგვცა ამდენი დაუსრულებელი მშენებლობა, როგორ მოვედით აქამდე?! ამ მიმართულებით დაუსჯელობის განცდის სინდრომია და პრობლემაც დიდწილად ამითაც არის გამოწვეული.

მერია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ზედამხედველობს და არეგულირებს შრომით უსაფრთხოებას მშენებლობებზე და შედეგიც აშკარაა, დედაქალაქში ამ მხრივ ვითარება შეიცვალა. სწორედ ასეთი მექანიზმია საჭირო დასრულებასთან დაკავშირებითაც.

შეღავათი კარგია, მაგრამ მხოლოდ შეღავათი რომ შედეგს არ იძლევა, დაადასტურა წინა წლების გამოცდილებამ, როცა ეს შეღავათი პრემიერმა ღარიბაშვილმა დაუშვა.

მერიის განცხადება, რომ 179 დაუსრულებელი მშენებლობაა, ნიშნავს, რომ ამდენი კანონდამრღვევია ქალაქში. ვფიქრობ, ციფრი გაცილებით მეტია და ალბათ მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილზეა საუბარი.

გაუგებარია ისიც - თუ ეს ინიციატივა ამართლებს, რატომ გახდა მეორედ ამნისტირება საჭირო, ერთხელ ხომ უკვე განთავისუფლდნენ დღგ-სგან და რატომ ვერ მიიყვანეს ბოლომდე მშნებლობები?," - აცხადებს უჩა ზაქაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, მაშინდელი პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობები სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ. სამშენებლო ამნისტია ჯერ 2018 წლის იანვრამდე გამოცხადდა, შემდეგ კი 2020 წლის იანვრამდე გადავადდა. აღნიშნული შეღავათი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×