(რეზონანსი) როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გარკვეულ რისკებს და სერიოზულ თავის ტკივილს უკავშირდება და ახლა ცდილობს, რაღაც ალტერნატიული ვარიანტები შეიმუშავოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილიც მოიგებდა ალბათ, არჩევნებს ხელისუფლების მხარდაჭერით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ „ექსტრავაგანტული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს იწვევს ზუსტად დაძაბულობას და დისკუსიას „ქართულ ოცნებაში".
„ერთი პრობლემაა, როგორ გახადონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამ პროცესში შესაძლოა, ბევრი სიურპრიზი დაახვედროს თავად ზურაბიშვილმა და ამას უფრთხის ხელისუფლება, ხოლო თუ გახდა პრეზიდენტი, სხვაგვარი თავის ტკივილი იქნება. ეს რა თქმა უნდა, უნდა გამხდარიყო დისკუსიის საგანი „ქართულ ოცნებაში". დღეს „ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა არის თავად „ქართული ოცნება". თავის თავში უნდა ეძებონ ურჩხული, თითქოს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.