გვანცა წულაია
22.08.2018

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სოლიდარობა ორმა კერძო უმაღლესმა - თავისუფალმა და საქართველოს უნივერსიტეტებმა გამოუცხადეს.

როგორც ჩვენთან საუბარში იბსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელი ზვიად ფიფია აცხადებს, ამ უნივერსიტეტების წამომადგენლები იბსუ-ს სტუდენტების გუშინდელ აქციას შეუართდენენ და მათთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა. ხოლო იმ აბიტურიენტებს, ვისაც შავი ზღვის უნივერსიტეტში სურდა ესწავლა, მობილობით სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადაანაწილებენ.

აღსანიშვანია, რომ სოლიდარობას არცერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ შეუერთდა. თუმცა ფიფია „რეზონანს" ეუბნება, რომ მსგავს ნაბიჯს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მხრიდანაც ელოდებიან.

„თავისუფალმა უნივერსიტეტმა და აგრეთვე საქართველოს უნივერსიტეტმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. გუშინდელ აქციაზე მათი წარმომადგენლებიც იყვნენ. ჩვენ ველოდებით სხვა უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან იმავე ნაბიჯს. იმედი გვაქვს და დარწმუნებულებიც ვართ, რომ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც დადგებიან ჩვენს გვერდით და ერთად ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღსადგენად.

„უნივერსიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, შესაბამისად მაღალ კურსებზე მყოფ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველა კანონიერ გზას მივმართავთ, რისი მეშვეობითაც შევძლებთ ჩვენი ინტერესების და რეპუტაციის დაცვას", - აცხადებს „რეზონანსთან" ზვიად ფიფია.

სტუდენტების პროტეტსი კი გრძელდება და აცხადებენ, რომ აქციებს მანამ არ შეტყვეტენ, სანამ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

„აქციების ჩატარებას ვგეგმავთ იქამდე, ვიდრე ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. აქციები ძალაში რჩება, ჩვენ ხვალ აქციას განათლების სამინისტროსთან ვაანონსებთ, ხოლო თუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, უფრო მასშტაბური აქციები იქნება და ალბათ, რუსთაველის გამზირზეც გადავინაცვლებთ. სამწუხაროდ, განათლების მინისტრისგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მე სამი კითხვა დავსვი და მათგან ვერც ერთზე ვერ მივიღე პასუხი",- ამბობს სტუდენტი დათა ზარნაძე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ავტორიზაციის საბჭომ, გადაწყვეტილება არსებული პრობლემების გამო მიიღო.

„გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება",- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×