„ეფიქს ბიზნეს გრუპის" დამფუძნებლების დაკავების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პირამიდული ბიზნესის მეშვეობით თაღლითობის ბრალდებით სხვა პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში. სპეციალისტები საზოგადოებას და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავს თაღლითურ პირამიდულ ბიზნესში ფულის დაბანდებისგან თავი შეიკავონ. ხოლო სხვა დაზარალებულებს პოლიციაში განცხადების შეტანას ურჩევენ.
„ეფიქს ბიზნეს გრუპის" სამი დამფუძნებელი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგაანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა და მათ ბრალი საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით წარუდგინა, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ისინი 500 000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ და 50-მდე ადამიანი მოატყუეს.
თაღლითური სქემის დეტალებზე დაზარალებულები ალაპარაკდნენ. ისინი „რეზონანსთან" ყვებიან, რომ თანხა ბანკებიდან კრედიტის სახით აიღეს და მოგების მიზნით, „ეფიქს ბიზნეს გრუპის" წევრებთან შეთანხმებით კონკრეტულ ანგარიშებზე გადარიცხეს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები არა ბირჟაზე არამედ თავად კომპანიასთან ვაჭრობდნენ. „ეფიქს ბიზნეს გრუპის" ხელმძღვანელებმა შეცვალეს კომპიუტერული მონაცემები და პროგრამა, ისინი კლიენტებს თავად ეთამაშებოდნენ და ატყუებდნენ, რომ მათ თანხა ვაჭრობის დროს დაკარგეს.
როგორც დაზარალებულები აცხადებენ, კომპანიის წარმომადგენლები მათ 100% გარანტიას სთავაზობდნენ, რომ მათი თანხები დაცული იქნებოდა. ამ დროს ისინი კლიენტს არ აწვდიდნენ ინფორმაციას შესაბამისი რისკების შესახებ.
"ეფიქს ბიზნეს გრუპის" ყოფილმა კლიენტებმა ივლისში მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათ დახმარების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს მიმართეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელების დაკავებასა და კუთვნილი თანხების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმაც მაშინ ამ თაღლითური სქემით არცერთი ეს უწყება არ დაინტერესებულა.
"კომპანია არსებულ რისკებს არ გვაცნობდა. გვეუბნებოდა, რომ ფულის დაკარგვის შანსი არ არსებობდა. ეს იყო თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც კლიენტებს არა ბირჟაზე არამედ თავად კომპანიასთან გვათამაშებდნენ. მათ კომპიუტერული პროგრამის დახმარებით შეცვალეს მონაცემები და ჩვენს ფულს პირდაპირ თაღლითურად ითვისებდნენ. შემდეგ გვაჩვენებდნენ გაყალბებულ მონაცემებს თითქოს ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ. ჩვენ გვეგონა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე გადიოდნენ.
"თავად მანიპულირებდნენ პროგრამით. ხელშეკრულებაზე ხელი ბევრს არა აქვს მოწერილი. გვითხრეს, რომ საჭირო არ იყო, რადგან რაღაც დამატებით თანხების გადახდა მოგვიწევდა. თურმე ასე მალავდნენ თაღლითობას. რამდენი თვეა უკვე ვიხვეწებოდით დახმარებას, არც პროკურატურამ და არც ფინანსთა სამინისტრომ ყუარდღება არ მოგვაქცია. მას შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანი დააზარალეს. ზოგმა სახლები და მანქანები დააგირავა. ამ სქემით მხოლო შსს-ში დაინტერესდნენ," - ამბობს „რეზონანსთან" დაზარალებული ხათუნა ტაბატაძე.
დაკავებული დამფუძნებლების ადვოკატი ზაზა ქაჩიბაია „რეზონანსთან" კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ყველა პირმა, რომელსაც კავშირი ჰქონდა კომპანიასთან, დაზუსტებით იცოდა, რა საქმიანობას ეწეოდა კომპანია. მათ ნება-ყოფილობით მიიტანეს თანხები კომპანიაში და ისინი არავის მოუტყუებია.
"ყოველგვარი განცხადება, რომ რომელიმე კლიენტთან მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ან მოტყუებით იქნა მიღებული თანხა, არათუ აბსურდულია, შინაარსს მოკლებულია. არცერთ შემთხვევაში არ ჰქონია სამართალდარღვევას ადგილი," - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი, ზაზა ქაჩიბაია.
სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ პირამიდული ბიზნესის ჩამოშლის ტენდენცია გრძელდება. საფინანსო კომპანია "საქართველოს", "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიასა" და რამდენიმე მსგავსი კომპანიის თაღლითური სქემების გაშიფვრის შემდეგ სხვა კომპანიების ჯერიც დადგება.
მათი აზრით, კიდევ გამოჩნდებიან ფირმები, რომლებიც მომხმარებლების მიმართ ფინანსურ ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ. დიდი ალბათობით, პირამიდა ბიზნესის ბედს ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც გაიზიარებს, რაზეც ფინანსურ წრეებში აქტიურად საუბრობენ.
სპეციალისტების შეფასებით, ფინანსურ ორგანიზაციებზე ზედამხედველობა და კონტროლი მომავალშიც გასამკაცრებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პრობლემა რთულად მოსაგვარებელია. ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში პარლამენტმა უნდა იმუშავოს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ვერც კი ამჩნევს.