თამარ მუკბანიანი
23.08.2018

 "ტრამპი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან მესიმპათიურება და არა მარტო პოლიტიკურად. ის შოუბიზნესის წარმომადგენელიც არის, საინტერესო და ნიჭიერი კაცია," - აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებასა და სხვა საკითხებზე "რეზონანსი" ინტერნეტტელევიზია "პოსტ ტივის" ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს ესაუბრა.

"რეზონანსი": ტრამპი მედიის წინააღმდეგ იბრძვის. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და, ასევე, პარალელი რომ გავავლოთ ქართულ მედიასთან, როგორია ქართული მედია?

შალვა რამიშვილი: ტრამპი ილაშქრებს ლიბერალური მედიის წინააღმდეგ, რომელიც ცრუ ნიუსებს ავრცელებს და კონკრეტულ ტყუილებში ამხელს მედიას. ამბობს, რომ ის ასრულებს ოპოზიციური პარტიის ფუნქციას, რაც ცუდია ქვეყნისთვის და ამაში მას სავსებით ვეთანხმები.

მკაფიო პარალელი ქართულ მედიაშიც შეიმჩნევა, უბრალოდ, ჩვენთან უფრო მძაფრად და გოიმურადაც კი არის ყველაფერი, რადგან ჩვენთან არამცთუ ლიბერალური წრეების მედია მძლავრობს, არამედ აქ არის ერთი კონკრეტული კაცის ტელევიზია "რუსთავი 2". იგი ტყუის და ახმოვანებს ერთი კონკრეტული კაცის ტყუილებსა და მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში შედგეს რევანში. რევოლუციურად აბრუნებს მიხეილ სააკაშვილს.

ეს ტელეარხი ბევრ კონკრეტულ ტყუილში იქნა მხილებული, თუნდაც ჩემ მიერ. ამას გარდა, არსებობენ ე.წ. ლიბერალური და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გოიმური კომპლექსი, რომ ხელისუფლებაზე არ შეიძლება კარგის ლაპარაკი, თუნდაც ეს ხელისუფლება კარგს აკეთებდეს.

თუ ხელისუფლების წინააღმდეგ არის ბრალდება, ძალიან ბევრიც არ უნდა შეიწუხო თავი ამ ბრალდების კარგი ანალიზისთვის და პირდაპირ უნდა გაატარო ეს ამბავი. ასე მაგალითად, თქვენს ვებსაიტზე დაიდო რომელიღაცა სრულიად საეჭვო საიტის ამბავი, ფეიქნიუსი, რომ პუტინი დადებითი კონტექსტით გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს თავიდან ბოლომდე ფეიქი სააგენტო იყო.

მედია, ფაქტობრივად, დასაფლავებულია, თუნდაც იმ სიტუაციასთან შედარებით, რაც ხუთი წლის წინ იყო, რადგან თითოეული ჩვენგანი, ვინც მედიაში მუშაობს, ახალ ამბებს მედიით კი არ იგებს, არამედ ფეისბუქით.

"რ": როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილს ქართული მედია ებრძვის?

შ.რ: სალომე ზურაბიშვილი აღქმულია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად, რომლის შესახებ განცხადება "ოცნებას" არ გაუკეთებია. ბუნებრივია, რომ "რუსთავი 2" ებრძვის მას და, შესაბამისად, ამ ტრენდს აჰყვა ძალიან ბევრი არა უშუალოდ ანგაჟირებული მედიასაშუალებაც.

"რ": ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის სამი უარყოფითი თვისება რომ მითხრათ...

შ.რ.: პირველი ის არის, რომ რიგი გარემოებების გამო საკომუნიკაციო ენა გართულებული აქვს - ქართულ ენას კარგად არ ფლობს. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს მისი სიტყვების ძალიან ფართო ინტერპრეტაციას, რაც არ არის დადებითი თვისება.

მეორე, იგი ქართულ რეალობას არც ისე კარგად იცნობს. ვგულისხმობ, რომ წარსულში ის არა რომელიმე პარტიას, არამედ ერთეულ ფიგურას წარმოადგენდა. ესეც გარკვეულწილად პოლიტიკური მენეჯმენტის გამოუცდელობის გამო, შესაძლოა, იყოს პრობლემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×