ია აბულაშვილი
23.08.2018

 "მე, პროფესორი კახაბერ ჯაყელი, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურისა და ფულბრაიტის ფონდის სამეცნიერო გრანტების მფლობელი, გთხოვთ, გამათავისუფლოთ თქვენი ორგანიზაციის აკრედიტაციის ექსპერტის თანამდებობიდან, რადგან ჩვენი ფასეულობები არ ემთხვევა ერთმანეთს და ასევე, რადგანაც თქვენი ცენტრის მიერ არასწორი გადაწყვეტილების საფუძველზე ილახება ქართველი აბიტურიენტების უფლებები, კერძოდ, მხედველობაში მაქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ გამოტანილი უმსგავსო დადაგენილება ახალ სტუდენტთა მიღების აკრძალვის შესახებ" - ამ განცხადებით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ სანიკიძეს პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, "რეზონანსი" პროფესორ კახაბერ ჯაყელს ესაუბრა.

კახაბერ ჯაყელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ა.წ. აპრილში შევიდა ავტორიზაციის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ენდი გიბსი. მან აღფრთოვანება გამოხატა ამ უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციული მოსწრების მაღალი დონით. უნდა გითხრათ, რომ ამგვარი ავტორიზაციის კომისია ბოლონიის პროცესის თანმხვედრი ნაწილია უმაღლესი განათლების სისტემაში და მას დიდი როლი ეკისრება, ზოგადად, ხარისხის განვითარებაში. ბრიტანელ ექსპერტ ენდი გიბსის დასკვნა ძალიან სასიხარულოა არა მარტო უშუალოდ ამ უნივერსიტეტისათვის, არამედ მთლიანად საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს, რომლებსაც მე თამამად დავარქმევდი გარკვეულ მაფიას განათლების სისტემაში, არ სურთ მაღალი ხარისხის უნივერსიტეტის არსებობა საქართველოში. ეს ჩემი ეჭვია.

"რეზონანსი" ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ დასკვნის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული?

კ.ჯ: მე არ ვიცი, რა შეიძლება დაერქვას იმას, რაც ენდი გიბსის დასკვნას მოჰყვა. განათლების ხარისხის განვითარების ავტორიზაციის საბჭომ სრულიად უეცრად, ალოგიკურად და მავნებლურად მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალა ამ გამორჩეული უნივერსიტეტისთვის ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტების მიღება. ფაქტობრივად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დადგა იმის საფრთხის წინაშე, რომ იგი 2 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს ახალ სტუდენტებს.

"რეზონანსი": თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებული იყო უნივერსიტეტის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასე არ არის?

კ.ჯ: ამ გადაწყვეტილებისთვის ავტორიზაციის საბჭომ მოიმიზეზა, რომ თურმე უნივერსიტეტს 2013 წლიდან დაეკისრა 700 ათასი ლარის საგადასახადო ჯარიმა, რომლის ჩამოსაწერად უნივერსიტეტმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იმ შემთხვევაშიც კი, უნივერსიტეტს სარჩელი რომც წაეგო, მან 729 ათასი ლარი დადო დეპოზიტზე ბანკში, რათა იგი ეჩვენებინა კომისიისთვის. რა თქმა უნდა, შესულმა კომისიამ ენდი გიბსის ხელმძღვანელობით დეპოზიტზე დადებული ეს თანხა სრულიად სამართლიანად ჩათვალა და უნივერსიტეტის ყოველმხრივი მაღალი მოსწრება დააფიქსირა. თუმცა ავტორიზაციის საბჭო უეცრად აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობა ამ 700 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო შერყეულია, მაშინ როდესაც ეს თანხა დეპოზიტზე დევს და ელოდება სასამართლოს განჩინებას.

"რ": ანუ უნივერსიტეტი მზად იყო, გადაეხადა ჯარიმა და საბჭო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას?

კ.ჯ: ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მზად იყო, დაეფარა საგადასახადო ჯარიმა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მაგრამ ავტორიზაციის საბჭო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და უნივერსიტეტს შეუჩერა ახალი სტუდენტების მიღება. რა არის ეს, თუ არა ქართველი სტუდენტებისა და აბიტურიენტების მთავარი კონსტიტუციური უფლების, სწავლის უფლების უგულებელყოფა. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორ თამარ სანიკიძის განცხადებები საკმაოდ უცნაური იყო. მან, ფაქტობრივად, დაიცვა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მას პირველ რიგში უნდა განეხილა ქართველი სტუდენტებისა და აბიტურიენტების საფუძვლიანი მოთხოვნა სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესახებ.

როგორც ჩანს, ქართველი სტუდენტებისა და აბიტურიენტების ბედი არავის აინტერესებს და ის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ ამ საკითხზე, დღეს ქართველ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აბუჩად იგდებს და მათი სურვილის გაუთვალისწინებლობას არჩევს. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ქართველი პროფესორი და ასევე ავტორიზაციის საბჭოს ყოფილი წევრი, აკრედიტაციის ექსპერტი, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს ორგანიზაცია, ანუ უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი, ასევე ამ ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საჭოები ფარული კონკურენციის ბერკეტად გადაიქცა. მოვუწოდებ შესაბამის ორგანიზაციებს, შეისწავლონ მაფიის შესაძლო შესვლა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში და მის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოებში. თუ ეს არ განხორციელდა, ჩვენ მივიღებთ ჩინოვნიკების პარპაშს განათლების ბაზარზე, საუკეთესო პროფესორების გაქცევას განათლების სისტემიდან და იქ ხელის ბიჭებისა და მოჯამაგირეების, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით, მომრავლებას. ჩემი აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები უნდა შეამოწმოს საქართველოს პროკურატურამ და გამოვლინდეს  მონოპოლიური გარიგებები ფარულ ძალებს შორის, რომელსაც ჩვენ მაფია დავარქვით.

"რ": პირადად თქვენ და თქვენი კოლეგები პროტესტის გაგრძელებას აპირებთ თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებით?

კ.ჯ: მე უკვე გადავწყვიტე, დავტოვო ექსპერტის თანამდებობა აღნიშნულ ორგანიზაციაში და დაველოდები იმ კარგ დროს, როდესაც რომელიმე კომპეტენტური უწყება შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმართ, ასევე უამრავ სხვა დარღვევას და გამოიტანს საბოლოო განაჩენს. სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლები და ჩვენი მხარდამჭერები ვაპირებთ, შევიკრიბოთ განათლების სამინისტროსთან, რათა გაირკვეს სიმართლე. ფაქტია, რომ ქართული განათლების ბაზარზე დაიწყეს ისეთი უნივერსიტეტების ჩაძირვა, რომელსაც მე თამამად დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ოქსფორდსა და კემბრიჯს, სადაც სტუდენტები თავიანთი ოცნებებით მიისწრაფვიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×