ელზა პაპოშვილი
23.08.2018

 ცემა პოლიციის ხელჯოხებით, სხვა მკვრივი/ბლაგვი საგნებით, გენიტალიის მიდამოში მიყენებული დაზიანებები, მოგუდვის მცდელობა - ასეთია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ექსპერტიზის დასკვნა, რაზე დაყრდნობითაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში იბრძოლებს.

ტატუნაშვილის გულის გაჩერების მთავარ მიზეზად ექსპერტები ძლიერ ტკივილსა და ტანჯვას ასახელებენ, რაც სხვადასხვა მეთოდით წამებას მოჰყვა.

მათი თქმით, წამება გენიტალიის მიდამოში  ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მეთოდად მიიჩნევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაზიანებები დარტყმით ან "შემოგრეხვით" არის მიყენებული.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, მოკლულის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს. გასაგზავნ დოკუმენტებს შორის კი ორივე მხარისთვის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.

"ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საერთაშორისო სტანდარტით შესრულებული დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა საქმეში. იგი იმედოვნებს, რომ "დაახლოებით 100%-ით" ამ საქმეს ტატუნაშვილის ოჯახი მოიგებს.

"ტრავმულმა დაზიანებებმა, ფსიქოლოგიურმა შოკურმა მდგომარეობამ გამოიწვია ტრავმული ნეიროგენული შოკი, რის შედეგადაც განვითარდა გულსისხლძარღვთა უკმარისობა და დადგა ადამიანის სიკვდილი.

"წამების მეთოდებად არის გამოყენებული სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი იმყოფებოდა არაფიზიოლოგიურ პოზიციაში. ესეც წამების ერთ-ერთი მეთოდია. ის იყო შეკავებული და შებოჭილი. იმყოფებოდა იძულებით პოზიციაში. ეს არის ადამიანთა ჯგუფის მიერ სპეციალური განზრახვით მიყენებული დაზიანებები, რათა ტკივილი და ტანჯვა მიეყენებინათ.

"შემდეგია სექსუალური წამების მეთოდი, გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა, სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში, ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

იგი ამბობს, რომ ტატუნაშვილს სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ ორი საათი გაატარა. ექსპერტის განცხადებით, თუ ყველა არსებულ მონაცემს შევაჯამებთ, გამოდის, რომ ტატუნაშვილი 22 თებერვალს 21:00 საათის მიდამოებში გარდაიცვალა, ანუ ბადრაგირებიდან საათსა და 20 წუთში. ეს ცხადყოფს, რომ არანაირი რეანიმაციული ღონისძიებები არ მიუღიათ.

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი საათი, საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ, ანუ საკმაოდ მალე დადგა სიკვდილი და ძლიერი შოკის მდგომარეობა. გადმოცემულ დოკუმენტაციაში არსად არ არის მითითებული, რომ ის არის შეყვანილი რეანიმაციიდან. თუ რეანიმაციაში გადაიყვანეს, მაშინ უნდა არსებობდეს კლინიკური დიაგნოზი, რაც გარდაცვალების საფუძველია," - ამბობს ჯიშკარიანი.

მამა, გიორგი ტატუნაშვილი, "რეზონანსთან" ამბობს, რომ ექსპერტიზის ასეთ მძიმე დასკვნას ელოდა, რადგან ცხედრის გადმოსვენებამდე ახალგორის მცხოვრებლებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ არჩილს 20-მდე ადამიანი არაადამიანურად აწამებდა.

მისი თქმით, ცხედრის ნახვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, ის სრულიად დამუშავებული იყო, დარწმუნდა, რომ მისი შვილი ცემის დროს შემოაკვდათ. არც იმას გამორიცხავს, რომ გაგუდეს, რამაც გულის გაჩერება გამოიწვია.

"მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ინფორმაცია, მის წამებაში მხოლოდ ოსები მონაწილეობდნენ, ჩემი შვილის სიკვდილში მაინც რუსებს ვდებ ბრალს. ესენი მათი დახმარებისა და წახალისების გარეშე არაფერს იზამდნენ. მაშინ რატომ არ აკავებენ იმ ადამიანებს და არ გადმოსცემენ საქართველოს ხელისუფლებას, რომლებმაც ჩემი შვილი ასე სასტიკად აწამეს.

"იმ ორის ვინაობა ვიცი, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა. დანარჩენი პირების დადგენაზე ჩვენი პროკურატურა ეფექტურად და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. როგორც პროკურატურამ უკვე დაადგინა, ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი მონაწილეობდნენ მის დაკავებასა და შემდეგ წამებაში. ინფორმაცია მაქვს, რომ ცხინვალის იზოლატორში ყველაზე დიდი სისასტიკით და აქტიურობით ალიკ ტაბოევი გამოირჩეოდა.

"იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსეთს ბრალდებულად ცნობს და ამ არაადამიანებს ჩვენი მართლმსაჯულებისთვის პასუხისგება მოუწევს. მათ საქართველოს შემდეგი თაობა გაასამართლებს," - აცხადებს ტატუნაშვილის მამა "რეზონანსთან".

დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, "რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები ადრე თუ გვიან მაინც აგებენ პასუხს.

"ისინი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. ეს ლაჩრების ხროვა, რომლებმაც ერთი სამშობლოზე შეყვარებული ბიჭი ასე სასტიკად აწამეს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ" - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×