ეკატერინე ბასილაია
23.08.2018

 "ოცნებაში" ჯერ ისევ ვერ ჩამოყალიბდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი წამოაყენონ თუ სხვა რომელიმე კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ამ შიდა დისკუსიას პრემიერიც ადასტურებს. როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, აკვირდებიან მოვლენებს და კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მხოლოდ შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თუ შეცვლიან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას და გუნდიდან დაასახელებენ ვინმეს.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით, შეიძლება 2-3 კაცი რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - "ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ ეყოლება.

"ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ ვაყენებთ და იმის შემდეგ უმრავლესობის არავითარი შეკრება არ ყოფილა. შეიძლება 2-3 კაცი რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, სადმე ერთმანეთს რომ შეხვდებიან კოლეგები, უზიარებენ შთაბეჭდილებებს, მაგრამ ის, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ, არ ყოფილა," - "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს ქანთარია.

მისი თქმით, ახლა მსჯელობის საგანია მხოლოდ ის, კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს. "ვის დავუჭერთ მხარს, ეს მოგვიანებით გადაწყდება. 8 სექტემბერს არის კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა და ამ დროისთვის პარტია თავის პოზიციას გამოხატავს," - აღნიშნავს ქანთარია.

ცნობისათვის, 14 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და ეს გადაწყვეტილება გუნდში ერთხმად მიიღეს. ამ განცხადებიდან სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ პრემიერი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ გუნდში ისევ მიმდინარეობს დისკუსია, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე თუ დაასახელოს კანდიდატი.

"კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც," - აცხადებს ბახტაძე.

რამდენიმე დღის წინ შიდა დისკუსიაზე ისაუბრა დიმიტრი ხუნდაძემაც.

"მსჯელობა იყო რამდენიმეჯერ, მაგრამ ჯერჯერობით სავარაუდო არჩევანია, რომ იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი. არსებობს ასეთი აზრიც, რომ საკუთარი კანდიდატით გამოვიდეს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ გუნდში უმრავლესობა მხარს უჭერს დამოუკიდებელი კანდიდატის იდეას", - განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც "ოცნების" კულუარებში საუბრობენ, პარტიის წევრთა ნაწილს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, რადგან საპრეზიდენტო მარათონის დაწყებისას მისმა პირველივე განცხადებამ საზოგადოების ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია და მიაჩნიათ, რომ დიდია ალბათობა, ზურაბიშვილმა მმართველი პარტია მომავალშიც უხერხულ სიტუაციაში ჩააგდოს. ამის გამო გუნდში მსჯელობა ისევ დაიწყო, რომ უფრო გაწონასწორებული და "ოცნებასთან" კარგ თანამშრომლობაში გამოცდილი კანდიდატი შეირჩეს და დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდეს. თუმცა ჯერ ზურაბიშვილის შემცვლელი შერჩეული არ არის.

მედიაში ითქვა ისიც, რომ ზურაბიშვილით იმედგაცრუებული მმართველი გუნდი არჩევნებში საკუთარი კანდიდატურით გამოსვლასაც გეგმავს და დასახელდა სავარაუდო კანდიდატი - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება და ითქვა, რომ კონსულტაცია მასთან ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გაიმართება.

"ოფიციალურ კითხვაზე ოფიციალურად ასე გიპასუხებთ, რომ დავბრუნდები ამ დღეებში თბილისში, გავიხედავ, გამოვიხედავ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით," - "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა მან.

აბაშიძის შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

"ნამდვილად არ გვქონია ამაზე საუბარი. ისიც არ ვიცი, ბატონი ზურაბი აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას," - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი. სალომე ზურაბიშვილს კი იმედი აქვს, რომ მმართველი ძალის დიდი მხარდაჭერა ექნება.

"რაც ეხება იმ დისკუსიებს, რაც "ქართულ ოცნებაშია", ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დემოკრატიულ პარტიაში უნდა არსებობდეს ასეთი დისკუსიები. მე ამას მივესალმები. არანაირი პრობლემა არ მაქვს. არც მეჩქარება... მე მგონი, არაფერი შეცვლილა," - აცხადებს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×