დღეს თბილისში 2-დღიანი ვიზიტით ანგელა მერკელი ჩამოდის კავკასიური ტურნეს ფარგლებში. გერმანიის კანცლერი საქართველოს 10 წლის შემდეგ მეორედ ეწვევა და დიდი ინტერესია, რა გზავნილებს ჩამოიტანს გერმანიის ლიდერი თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე და ამ მესიჯებს შორის იქნება თუ არა ვლადიმირ პუტინის მხრიდან რაიმე გზავნილიც, რადგან რამდენიმე დღის წინ გერმანიაში მერკელი სწორედ მას შეხვდა.
დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გზავნილი ამ ვიზიტიდან მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ჩვენთვის ამ ვიზიტისას მთავარი საკითხი უნდა იყოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მიღების პირობა, რასაც გერმანიის მხრიდან, წლებია, ველით, თუმცა მოლოდინი არც ახლა აქვს, რომ ამ მხარდაჭერას მივიღებთ.
მისი ვარაუდით, იქნება მხოლოდ ზოგადი განცხადებები 2008 წლის ომის მეათე წლისთავსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე; ასევე განცხადება იქნება საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა. ცინცაძე არც იმას ელოდება, რომ მერკელი პუტინის რაიმე გზავნილს ჩამოიტანს. მისი თქმით, პუტინი-მერკელის შეხვედრისას საუბარი იყო სირიისა და უკრაინის კონფლიქტებზე და ნახსენები არ ყოფილა საქართველო, რაც ქართული დიპლომატიის მარცხია.
"ეს არის იშვიათი საკითხი, როდესაც მიჭირს პროგნოზი, რა მნიშვნელოვანი გზავნილი შეიძლება მივიღოთ. არაფერი დევს ისეთი ზედაპირზე, რისი გაანალიზებაც შეიძლება. ერთადერთი, ჰიპოთეტური ვარაუდი მაქვს, რომ თუ მერკელის გასაჭირს გავითვალისწინებთ, მისთვის ორი საკითხია ყველაზე დიდი თავის ტკივილი - ეს არის გაზსადენები და ეს არის სირიიდან მიგრანტების პრობლემა. პუტინთან შეხვედრის მთავარი თემა მილსადენ "ნორდ-სტრიმ 2"-ის საკითხი იყო, რომლის პრინციპული წინააღმდეგია ტრამპი და თუ ტრამპის ლექსიკას გამოვიყენებთ, ამ გაზსადენის საკითხში მერკელი ტყვედ ჩაბარდა პუტინს და აშშ-ის ანგარიშს არ უწევს. ტრამპი იმუქრება კიდეც, რომ ვინც ამ გაზსადენის დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს, ყველა ქვეყანას და ბანკს სანქციებს დაუწესებს. ამიტომ საქართველოსთან განსახილველი საკითხი ალბათ იქნება, მაგალითად, ტრანსკასპიური გაზსადენის საკითხი. ამ საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტი გასაგებია, თუმცა აქ სომხეთი რა შუაშია, ეს გაუგებარია. მეორე საკითხი, შესაძლოა, იყოს მიგრანტების პრობლემა. მერკელი იყო პროექტის ინიციატორი, რომ 6 მლრდ ევრო გადასცემოდა თურქეთს, რათა დროებით შეეფარებინა მიგრანტები. ამან არ გაამართლა, 3 მლრდ ევრო ანკარამ ჩაიჯიბა, მაგრამ მხოლოდ 1200 ლტოლვილი შეაჩერა. ამიტომ მერკელი ახლა გამწარებული ეძებს, სად დააბინაოს ლტოლვილები. ფული არის დაახლოებით 3 მლრდ, მაგრამ ქვეყნები არ არის, ამიტომ ჰიპოთეტურად, შესაძლოა, ამიერკავკასიის ამ სამ ქვეყანას შესთავაზოს ლტოლვილების დროებით დაბინავება ევროკავშირის დაფინანსებით," - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, ჩვენ პუტინისგან რაიმე მესიჯს არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან რუსეთისა და გერმანიისთვის საქართველოს რაიმე პრიორიტეტი არ აქვს.
"მერკელს გაზსადენებისა და მიგრანტების გარდა აწუხებს მხოლოდ უკრაინა. რუსეთს სურს, გაზსადენი უკრაინის გვერდის ავლით იყოს, მერკელი კი ამბობს, რომ უკრაინა არ უნდა დარჩეს მიღმა. საქართველოსთან დაკავშირებით გამორიცხულია, რომ პუტინმა მერკელი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით მიუშვას. ასეთი ამბები ასე უცებ არ ხდება, ამას წინ უნდა უძღოდეს ხანგრძლივი მუშაობა, რაც არ ჩანს," - დასძენს ცინცაძე.
პუტინისაგან რაიმე მესიჯის ჩამოტანას მერკელის მიერ არც "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ელოდება. მისი თქმით, კონკრეტულად რა საკითხების განხილვა მოხდება, ეს რთული სათქმელია.
"რადგანაც ამიერკავკასიის რეგიონშია ტურნე, განხილული იქნება რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე ეკონომიკური, მათ შორის გაზსადენები და ევროკავშირის როლი ამ საქმეში, რადგან ევროპა ენერგორესურსების დივერსიფიკაციით და ამ პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის როლით დიდადაა დაინტერესებული. სასურველი იქნებოდა, ეს ვიზიტი სხვა სამკუთხედში, ასოცირებული ქვეყნების - საქართველო-უკრაინა-მოლდოვას - სამკუთხედში ყოფილიყო და არა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გერმანია ვერ ხედავს საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ზოგადად, კი, მხარს უჭერს რეფორმებს, მაგრამ ორმხრივმა ურთიერთობამ სტრატეგიული ხასიათი ვერ მიიღო, რისკენაც ქართული მხარე მიისწაფვის," - ამბობს კაკაჩია.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რამდენად მოახერხებს ქართული მხარე, გერმანიის ხელისუფლება უფრო მეტად დააინტერესოს საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, იმით, რომ გერმანული ინვესტიცია იყოს საქართველოში და ასევე დააინტერესოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივით.