შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაიძაბა. ამერიკა-თურქეთს შორის დაძაბულობა კი საქართველოს რთულ პოლიტიკურ მდგომარეობასაც უქმნის. ასევე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთი ფაქტობრივად რუსეთს შეეკრა, რაც საქართველოს კიდევ უფრო მძიმე გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე აყენებს.
თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ შესაძლოა ახლა საქართველოსთვის შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელი იყოს, რათა თავი უფრო რელევანტური გახადოს და ყველას დაანახოს, რომ საქართველოს ხმას ძალა აქვს და მას ყურადღება უნდა მიაქციონ. ნაწილი კი მსგავს ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება და ფიქრობენ, რომ საქართველომ უბრალოდ ნეიტრალური მხარი უნდა დაიკავოს და თვალში ნაკლებად მოსახვედრი უნდა იყოს.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო საკითხების ექსპეერტი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ დაძაბულობამ, რომელიც საქართველოს მოკავშირე სხელმწიფოებს შორის გაჩნდა, პრობლემები შეიძლება საერთოდ რეგიონს შეუქმნას. მისი აზრით, ამ შემთხვევაში საქართველოს ადგილი რომელიმე ბანაკში არ არის.
მენაღარიშვილი აცხადებს, რომ დაუშვებელია საქართველომ ამ დაპირისირებაში კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფოს მხარი დაიკავოს. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განვითარების მომავალ, თურქეთი კი ჩვენი ქვეყნის მთავარი მეზობელი და პარტნიორია, რომელთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ყველა კუთხით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გასაგებია, რომ ბოლო დროს ერდოღანს და პუტინს გარკვეული საერთო ენა აქვთ გამონახული. რომელიმე ქვეყანამ არასწორი ნაბიჯი რომ გადადგას, ეს რეგიონში კატასტროფას გამოწივევს. სიტუაცია უმართავი გახდება და ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდება. უბრალოდ ნუ შევეცდებით რაიმე აქტიურობას საკუთარი სურვილით, რადგანაც ასეთ სიტუაციაში მსგავს ქმედებას კარგი არაფერი მოჰყვება. ჩვენვე არ შევქმნათ ისეთი გარემოება, რომ ამ დაპირისპირებაში აუცილებლად რომელიმე ქვეყნის მხარე უნდა დავიჭიროთ. ეს ჩვენს ქვეყანას ცუდ სიტუაციაში ჩააგდებს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ რაიმე ზედმეტი აქტიურობისგან თავი შევიკავოთ. ნაბიჯი იმ შემთხვევაში გადავდგათ, თუკი ამას რეალობა მოითხოვს. სხვაგვარად ეს შეიძლება ჩვენი ინტერესების საზიანოც კი იყოს.
არ მგონია, რომ ერდოღანმა საქართველოს რაიმე მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მოთხოვოს ამ დაპირისპირების ფონზე. მართალია, რომ თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების დიდი მხარდამჭერია, მაგრამ არ მგონია, რომ ამის გამო ჩვენ რამე პოზიციის ღიად დაფიქისრება მოგვთხოვონ. არც ის მიმაჩნაი მიზანშეწონილად, რომ ვიფიქროთ ამ დაპირისპირებიდან რაიმე ხეირს ვნახავთ, როგორც უკვე აღვნიშნე, პირიქით, ზედმეტი აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა ჩვენ უფრო ყველაზე მეტად დაგვაზარალებს. დავიკავოთ ნეიტრალური მხარე და ვეცადოთ, რომ თვალში ზედმეტად არავის შევეჩხიროთ",-აცხადებს „რეზონანსთან" მენაღარიშვილი.
გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საქართველომ ამ სიტუაციაში მაყურებლის როლი უნდა შეასრულოს და სიტუაციის განმხუტვას უნდა დაელოდოს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჩვენი საქმე ისაა, რომ გულზე ხელი გქვონდეს, გავაკეთოთ პროგნოზები, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ფაქტია, ჯერჯერობით სიტუაცია განმუხტვისკენ არ მიდის და გართულების ტენდენციებიც სახეზეა, ამიტომ საქართველო ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ანალიტიკოსის აზრით, ეს იქნება ეკონომიკური, ფინანსური თუ პოლიტიკური რყევები, ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენზეც მძიმედ აისახა და ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ.
„საქართველოს მხრიდან გასათვალსიწინებელია, რომ რუსეთმა და თურქეთმა ამ ბოლო დროს გარკვეული პრობლემები თაროზე შემოდეს. 2016 წელს ვერ შემდგარი გადატრიალების შემდეგ, როდესაც რუსეთის დახმარებით ერდოღანი გადატრიალებას გადაურჩა, რუსულ-თურქული ურთიერთობები საკმაოდ დათბა. მათ შორის სამხედო-პოლიტიკური ურთიერთობები დაიწყო, როგორც რეგიონალურად ასევე გლობალურად. ამი ყველაფრის ფონზე საქართველო ყველაზე ფრთხილად უნდა იყო.
რაც შეეხება ამერიკის და თურქეთის დაპირისპირებას პასტორის დაკავება უბრალოდ მიზეზი იყო და მათ შორის პრობლემები ვიცით, რომ თურქეთის სურვილის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერდორანს მოუნდა, რომ რუსეთისგან ეს-400-ები ეყიდა. ამ კუთხითაც ის ნატოს ქვეყნების მხრიდან გაფრთხილებული იქნა.
სამწუხაროდ ამ დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნის იტერესების დაზიანებაც მოჰყვება. ვნახეთ ლირის ვარდნამ ჩვენს ვალუტას რაც უყო. ვხედავთ, რომ თურქეთის ეკონომიკას ჩვენს ეკონომიკზე საკამოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს დაძაბულობა რეგიონზე და საქართველოზეც ზეგავლენას ახდენს. ამ ყველაფერს კი სათავეში რუსეთი უდგას. სიტუაციას არა მხოლოდ თვალყური უნდა ვადევნოთ, არამედ ვიმოქმედოთ. თუ თურქეთი რუსეთთან დაახლოვდა მაშინ გამოდის, რომ აზერბაიჯანიც მისი გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენს გარშემო არც თუ კარგი წრე იკვრება. ამიტომაც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და გულზე ხელი არ დავიკრიფოთ",-აცხადებს სალუქვაძე „რეზონანსთან"