თამარ შუკვანი
23.08.2018

 „ჩვენი მოკვლევის დროს არცერთ სტანდარტთან შესაბამისობაში არ ჩანდა ფინანსური პრობლემები," - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი და ილიაუნის პროფესორი ნანა დიხამინჯია, რომელმაც 2018 წლის გაზაფხულზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოწვევით, შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციისათვის საჭირო სტანდარტები შეისწავლა. ის ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, იბსუს ერთი წლით სტუდენტების მიღება აეკრძალოს, არ ეთანხმება.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უმაღლეს სასწავლებელს ფინანსური პრობლემები ნამდვილად აქვს?

ნანა დიხამინჯია: ჩვენს მიერ საბჭოსთვის მიწოდებული დასკვნა და რეკომენდაციები, ისევე როგორც საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება ცენტრის მიერ წესდებით დადგენილ ვადაში. ჩემი აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი როგორც უნივერსიტეტის, ასევე მისი სტუდენტების მიმართ.

პირველ რიგში იმიტომ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება დაშვებას, რომ უნივერსიტეტს აქვს ფინანსური პრობლემები, რომლებიც მას ხელს უშლის, უზრუნველყოს განათლების ამჟამინდელი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროცესი. ჩვენი მოკვლევის დროს არცერთ სტანდარტთან შესაბამისობაში არ ჩანდა ფინანსური პრობლემები.

მეორეც იმიტომ, რომ უნივერსიტეტს აქვს საგადასახადო დავა, რომლის განმავლობაში დავალიანება არ ითვლება აღიარებულად (ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერ ფინანსისტთან). უნივერსიტეტის ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, ხვალაც რომ იყოს ეს დავალიანება აღიარებული და მოუწიოს გადახდა, ეს მას არ შეუქმნის ფინანსურ პრობლემას და არ აისახება სასწავლო პროცესზე.

მესამეც იმიტომ, რომ თუკი მართლაც აქვს უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემა, რაც ხელს უშლის სტანდარტებთან შესაბამისი სასწავლო პროცესი უზრუნველყოს, ამ გადაწყვეტილებით მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება და შესაბამისად გაუგებარია, როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამ გადაწყვეტილებამ იმ სტუდენტებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტში.

"რ": თქვენი აზრით, რას ეფუძვნება აღნიშნული გადაწყვეტილება?

ნ.დ: ვერ გეტყვით, რას ეფუძნება მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ვერ ვპოულობ ვერცერთ არგუმენტირებულ მიზეზს ჩვენს მიერ მიწოდებულ დასკვნაში და რეკომენდაციებში ასეთი გადაწყვეტილებისთვის. საბჭოს მოსაზრება ცნობილია ამასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიენიჭა, მაგრამ ერთი წლით შეეზღუდა სტუდენტების მიღება; ეს იყო სტანდარტული ავტორიზაციის პროცესი, როცა უნივერსიტეტი მიმართავს ცენტრს, ვინაიდან გასდის ავტორიზაციის ვადა. ცენტრი კრებს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც დოკუმენტაციის და უნივერსიტეტში ვიზიტის საფუძველზე ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისობას განათლების 7 სტანდარტთან, წერს დასკვნას და საჭირო რეკომენდაციებს.

შემდეგ დგება საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრები ეცნობიან როგორც დოკუმენტაციას, უსმენენ როგორ ექსპერტებს, ისე უნივერსიტეტის მხარეს და გამოაქვთ გადაწყვეტილება. ჩვენი ვიზიტი იყო აპრილის ბოლოს, საბჭოს სხდომა 20 აგვისტოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×