მარი ჩიტაია
24.08.2018

 

 გერმანიის კანცლერის ვიზიტისგან ექსპერტები ეკონომიკურ სარგებელს ნაკლებად მოელიან. არავინ დავობს იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობა ევროპასთან გაღრმავდება, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვასა და მით უფრო, მწარმოებლური სექტორის მიმართ გერმანიის ინტერესს სპეციალისტების ერთი ნაწილი დაუჯერებლად მიიჩნევს. მცირე იმედს იძლევა ენერგოსექტორი, რომლითაც შესაძლოა, გერმანიის ყურადღება მივიქციოთ.

 

თუმცა მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გარდა გერმანიის კანცლერის ვიზიტის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისითაც. კანცლერის ვიზიტისას მას მოჰყვება საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვექნება შეხვედრები და გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს", - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ლაც-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, მართალია, დადებითად აფასებს ქვეყანაში გერმანიის კანცლერის ვიზიტს, მაგრამ ამბობს იმაზეც, რომ დიდი იმედისა და ოპტიმიზმის გაჩენა ნაადრევია.

"გერმანიასთან დაწყებული ურთიერთობა გაგრძელდება, მაგრამ ახალი ჯერჯერობით არაფერი ჩანს. გერმანიის კანცლერი საკმაოდ ფრთხილი ადამიანია და ძალიან ნელა მიდის წინ. შეიძლება რამდენიმე ახალი პროექტი წამოიწყონ, მაგრამ ეს ქვეყანას ნამდვილად ვერ გადაარჩენს. ერთი კანცლერის ჩამოსვლა ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ბიზნესმენებისთვის სტიმულია. იმისთვის, რომ სავაჭრო ურთიერთობა გაღრმავდეს, ექსპორტიორებმა უნდა შეძლონ გერმანული ბაზრის ათვისება. ცხადია, ეს მერკელზე არ არის დამოკიდებული, ამისთვის მეწარმეებს დიდი ძალისხმევა აქვთ გასაწევი. კარგია და უდავოდ პოზიტიური ფაქტი, რომ ქვეყანას მერკელი სტუმრობს, მაგრამ დიდი იმედისა და ოპტიმიზმის გაჩენა ნაადრევია, ზომიერება ამაშიც უნდა დავიცვათ", - ამბობს თვალჭრელიძე.

სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე სვამს აქცენტს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია, გერმანიის ყურადღება პატარა ქვეყანამ ენერგეტიკული სექტორითაც მიიქციოს.

"ეკონომიკურ ურთიერთობას ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წინ არიან ჩვენზე, პოზიტიური მხარე აქვს, მაგრამ ნეგატიურიცაა, რადგან არათანაბარ ვითარებაში განვიხილებით - როგორც პროდუქციის გასაღების ბაზარი და არაფერი სხვა. გასაგებია, რომ გერმანიიდან ინვესტიციების მოზიდვა რეალურ სექტორში იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ამ მხრივ ვერაფრით დავიკვეხნით. ის, რომ გერმანული პროდუქცია გაიყიდება საქართველოში, ჩვენს ეკონომიკას დიდად ვერ წაადგება. თუმცა მნიშვნელოვანი ვიზიტია, განსაკუთრებით საინტერესოა გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ევროპა ფიქრობს რისკების დივერსიფიცირებას ენერგეტიკის სფეროში. რუსეთიც და აშშ-იც ცდილობენ, რომ ენერგეტიკა გამოიყენონ, როგორც პოლიტიკური წნეხის იარაღი. ასეთ ფონზე გერმანია ეძებს ალტერნატიულ გზებს და ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება შეიძლება ამ მხრივ იყოს ჩვენი დერეფნის გამოყენება, რაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხია და არა სწრაფად რეალიზებადი", - ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ შესაძლოა, ინვესტიციები განთავსდეს რეალურ, მწარმოებლურ სექტორში, მაგრამ ეჭვობს, რომ გერმანულ ბიზნესს ამის დიდი ინტერესი აღმოაჩნდეს.

"გერმანია უფრო დაკავებულია ახალი ბაზრების მოპოვებით გამომდინარე იქიდან, რომ ტრადიციულ ბაზრებზე გარკვეული პრობლემები ექმნება. იგი გასაღების ახალ ბაზრებს ეძებს. ჩვენ ისედაც მომხმარებელ ქვეყნად ვიქეცით და ამ მიმართულებით აქტიურობა ბევრი ვერაფრის მომცემია", - დასძენს ხუხაშვილი.

უფრო იმედისმომცემია აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასება, რომელსაც მიაჩნია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი ხელს შეუწყობს გერმანიასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

"ვფიქრობ, ევროკავშირთან გაიზრდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა, განსაკუთრებით კი სავაჭრო სფეროში. ამ მხრივ ახალს ვერაფერს ვიტყვი. გერმანია დაინტერესებულია ენერგეტიკული რესურსებით, რის დეფიციტსაც განიცდის. რუსეთი ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია და გერმანია ალტერნატიული მიწოდების მარშრუტებს ეძებს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს იქნება - ალტერნატიული გზა ამ ენერგეტიკული რესურსებისა, რომელიც საქართველოზე გაივლის და ევროპაში შევა. ალბათ ამაზეც იქნება საუბარი. ჩემი ვარაუდით, ეს საკითხი საინტერესოა თვითონ გერმანიისთვისაც და  საქართველოსთვისაც. საბოლოოდ ეს მოიტანს დამატებით ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს. ამ მიმართულებით საუბარი თუ წარიმართა, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის. ცხადია, ასეთი ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკურ თანადგომაშიც აისახება. სხვადასხვა ასპექტი გამოიკვეთება, მაგრამ ენერგეტიკული საკითხი იქნება ერთ-ერთი საინტერესო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიმდინარეობს დავა რუსეთიდან მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, გერმანია სწორედ აქეთ მოზიდავს ძალებს და ამ მხრივაც ჩვენთვის მერკელის ვიზიტი საინტერესოა", - ამბობს სილაგაძე.

როგორც ცნობილია, გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი და მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა არსებობს. ორმხრივი ინტერესის საგანია როგორც გერმანული კომპანიების ინვესტიციები საქართველოში, ასევე, ქართული კომპანიების საქმიანობა გერმანიაში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 300 გერმანული კომპანია მუშაობს. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების თანახმად, 2004-2017 წლების განმავლობაში გერმანული კომპანიების ინვესტიციებმა საქართველოში 400 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2017 წელს 478 მილიონი აშშ დოლარი იყო. ვაჭრობის სფეროში ქართული კომპანიების დაინტერესება, ითანამშრომლონ გერმანულ კომპანიებთან, საკმაოდ მაღალია, რაც გერმანული კომპანიებისა და გერმანული პროდუქტის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×