ია აბულაშვილი
24.08.2018

 "მმართველი გუნდისთვის ყველაზე მომგებიანი იქნება, თუ უარს იტყვის სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე და თავის კანდიდატურას არ დააყენებს, მაგრამ ჯერ რეალურად საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "ოცნებაში" - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი კოლეგები ამბობენ, "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს და არ ჩქარობს, განაცხადოს, ვის დაუჭერს მხარს ამ არჩევნებში. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს?

პეტრე მამრაძე: მმართველი გუნდის ინტერესზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მოსახლეობაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მაღალი ინტერესი რომ არ არის, ფაქტია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ან იმედგაცრუებაა ან ის, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი ის ფიგურა არ არის, რაც ადრე იყო და, შესაბამისად, საზოგადოების პოლიტიკური აქტივობაც ნაკლებია. ეს არის ძირითადად წინასაარჩევნო გარემოს დამახასიათებელი. გარდა ამისა, ჯერ კანდიდატებს საარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ.

"რ": დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ოცნების" მხარდაჭერის მოლოდინში საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

პ.მ: პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანებისთვის სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" წარმომადგენლად აღიქმება და ყველას კარგად ახსოვს, "ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში ღია საჯარო მხარდაჭერა რომ გამოუცხადა, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატს. რაც შეეხება მისთვის მხარდაჭერის გაჭიანურების საკითხს, თავიდანვე ჩანდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო, მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა მრვალი ფაქტორის გამო ეს მხოლოდ წამგებიანი იქნება "ოცნებისთვისო". იმ ხმაურმა, რომელიც ატეხეს "ნაცებმა" მისი განცხადების გამო (მე ვერ მოვძებნე ამ განცხადების ტექსტი), რომ ზურაბიშვილმა თქვა, საქართველომ დაიწყო ომიო, რა თქმა უნდა, დამატებითი არგუმენტები მისცა მის მოწინააღმდეგეებს "ოცნების" შიგნით.

ზურაბიშვილის დამოუკიდებლობას ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიჯერებს, თუ "ოცნება" თავის კანდიდატს გამოაცხადებს და მას მოახმარს ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს, ან გამოჩნდება სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი და მას დაუჭერს მხარს.

"რ": დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ დებატებში გამოიწვია. თქვენი აზრით, რა ფორმატში დათანხმდება იგი, დებატებში შევიდეს კონკურენტთან და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მათი ღია პაექრობა?

პ.მ: აქ მიდგომა იქნება ალბათ ასეთი, რატომ უნდა იყოს შერჩევითი თანხმობა, ანუ რატომ უნდა დათანხმდეს მხოლოდ ერთს. თუ გამოცხადდება ყველა ყველასთან, მაშინ სხვა საქმეა. ვინაიდან უსუფაშვილს აქვს ნულოვანი რეიტინგი, მასთან დებატებზე შეიძლება ბევრი არც წავიდეს.

"რ": არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ კანდიდატებს გამარჯვების რა შანსი აქვთ, მაგალითად, ვაშაძე-ბაქრაძეს? მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ფავორიტი გაიმარჯვებს და იგი საქართველოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდება.

პ.მ: არც ერთს არა აქვს მეტ-ნაკლებად ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა და ამიტომ ნაკლები შანსი აქვთ. მიშა სააკაშვილი არის პათოლოგიური მატყუარა და რეალობას მოწყვეტილი.

"რ": დაძაბულობას ხომ არ ელით ამ არჩევნებზე?

პ.მ: მწვავე დაპირისპირება არ იქნება, შეიძლება არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის იყოს დაძაბულობა და მხოლოდ ყვირილი მედიაში, მაგრამ ეს ხალხზე არ გავრცელდება. ვფიქრობ, არჩევნები მშვიდად ჩაივლის.

"რ": არჩევნების თემას არ უკავშირდება, თუმცა აქტუალურია. ანგელა მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით არის მოსაზრება, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა შეიძლება ლტოლვილების პრობლემა და "გაზის სამხრეთ დერეფნის" განვითარების საკითხი იყოს, რომლითაც გერმანიაა დაინტერესებული, რის შესახებაც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა ანგელა მერკელის კავკასიური ტურნეს დაწყებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში.

პ.მ: მერკელის რეგიონული ვიზიტი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არის პოლიტიკური მხარდაჭერა და დემონსტრირება იმისა, რომ ევროპის უძლიერესი სახელმწიფო არ ცნობს პუტინის ამბიციებს და მოთხოვნებს, რომ ჰქონდეს სრული პოლიტიკური მონოპოლია პოსტსაბჭოთა სივრცეში. გერმანია ცნობს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და უნდა ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება, განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა ეს პუტინის რეჟიმს.

რაც შეეხება "სამხრეთ დერეფნის გაზსადენს", მას მთლიანად ევროგაერთიანება უჭერს მხარს ფინანსურად და ღიად აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმი ენერგორესურსების ექსპორტს ხშირად პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროპა ცდილობს, შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე და ჰქონდეს უფრო სანდო და სტაბილური წყაროები.

საქართველოში გაზის საცავის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო. კარგია, თუ ეს პროექტი განხორციელდება, ვინაიდან ასეთი რეზერვი ძლიერი გარანტიაა ევროპული მრეწველობის სტაბილური მოქმედებისთვის. რა თქმა უნდა, მოსაძიებელია ინვესტიციები, საჭიროა პოტენციური ინვესტორის დაინტერესება, ვინაიდან ჩვენი მწირი ბიუჯეტი ასეთ მასშტაბურ პროექტს მარტო ვერ დააფინანსებს, ამ პროექტში გერმანიის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×