თამარ შუკვანი
24.08.2018

 მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანიდატის დასახელებას 8 სექტემბრამდე არ ჩქარობს და დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებას" შესაძლოა საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს წარმოდგენილი, ან პარტიამ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტრაძე 21 აგვისტოს ისაუბრობა.

დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ მმართველი გუნდის მხარდაჭერის მოლოდინშია. საზოგადოება და გარკვეული პოლიტიკური გუნდებიც „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ზურაბიშვილისთვის გარკვეული პირობა მიცემული აქვს „ქართულ ოცნებას," მაგრამ ეს არის პირობა და არა გარანტია. თვითონ „ოცნებაში" ამ საკითხთან დაკავშირებით ერთგვაროვანი ხედვა არ არის და ვერ ახერხებენ ჩამოყალიბებას," აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

„ალბათ, მოხდება შეხვედრა, დაითვლება რისკები ზურაბიშვილთან დაკავშირებით და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. არა მგონია, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი იყოს, რადგან თავად ეს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი, უკვე ფარსად იქცა," აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პრეზიდენტის თანამდებობა „გააუფასურა" და მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს პრეზიდენტად ვინ მოევლინება.

„ხელისუფლებამ მოახერხა დაკნინება და გაუფასურება ამ ყველაფრის; მთელი პოლიტიკური ელიტა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, ოპოზიციაც მაქვს მხედველობაში, - ეს ყველაფერი ერთ დიდ ფარსად იქცა.

„პრეზიდენტის არჩევნების ნაცვლად რომ ლატარია გაგვეთამაშებინა და რაც დაჯდებოდა ის, რომ აგვერჩია პრეზიდენტად, არაფერი განსხვავება არ იქნება იმისგან, რა შედეგიც დადგება არჩევნების შემდეგ. რაში ვხარჯავთ რესურებს, არ ვიცი. ლატარია ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში ბევრად უფრო დემოკრატიული აქტი იქნებოდა, ვიდრე ამ არჩევნების შედეგი იქნება," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×