თამარ შუკვანი
24.08.2018

 „ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ," - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების შანსების შესახებ.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი, ნატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, მაგრამ სწორედ ამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, და ასეთი დარჩება," - განაცხადა მერკელმა.

„ცნობილი იყო, რომ თავიდანვე გერმანია მაინცდამაინც დიდად მოსურნე არ იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, თუმცა მერკელმა თქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება რჩება უცვლელად," - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, მერკელის განცხადება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, გულწრფელი იყო და მოლოდინის შექმნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ახლო მომავალში მოხდება, სიცრუეა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის.

„გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, - საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობას გააგრძელებს თუ არა და ის ფაქტი, რომ საქართველოს ნატო-ში ჯერ არ მიიღებენ, მგონია, რომ არც ჩვენთვის ყოფილა სიახლე. მერკელმა თქვა გულწრფელად ის, რასაც ძირითადად ხელისუფლება, ისევე როგორც წინა ხელისუფლება, ქმნიდა მოლოდინს, რომ დღეს თუ არა ხვალ, ნატო-ს წევრი ვიქნებოდით.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება ვერც იქნებოდა მიღებული, მაგრამ ასევე, შესაძლოა ამას 5 და 10 წელი არ დასჭირდეს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე," - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი დიდი მნიშვნელობისაა და იმის ჩვენება მერკელისთვის, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და მისი ძალა, არ გახლავთ აუცილებელი, რადგან მერკელმა საქართველოს გარეშეც უწყის ეს ფაქტი.

„აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო; გამომდინარე იმ პრესკონფერენციიდან, რაც ჩატარდა უნივერსიტეტში და საუბარი შედგა ყველაფერზე. მოსახლეობაში არ უნდა გავაჩინოთ ყალბი მოლოდინი. ამიტომაც, რეალობა უნდა ვთქვათ და ავსახოთ იგი.

„ისინი მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან რამდენადაც შეუძლიათ. მერკელმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე პირველკლასელივით განგვიმარტა რაღაცეები; საქართველოს და გერმანიას არც ერთნაირი პრობლემები აქვთ და არც ერთანირად უყურებენ გარკვეულ პროცესებს.

„მერკელი ის ადამიანია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა, ის ადამიანია, რომელიც საბჭოური რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა, ის ადამიანია, რომელიც გაერთიანებული გერმანიის კანცლერი გახდა. ამიტომაც მისთვის ახსნა, რას წარმოადგენს სოციალიზმი, რას ნიშნავს საბჭოური სისტემა და რუსული ჩექმა, არ არის აუცილებელი. მან ეს ყველაფერი იცის არა მარტო თეორიულად, რეალურად ნანახიც აქვს.

„ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ და უნდა მოვერგოთ; ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა გერმანიასთან და ამერიკასთან, არამედ ჩვენ ხალხთან იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ და გადავწყვიტოთ.

„სხვის იმედზე თავისუფლება ცოტა რთული წარმოსადგენია. იგი არა მარტო უნდა მოვიპოვოთ, არამედ მისი რეალიზებაც უნდა მოვახდინოთ, - ამისთვის არსებობს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მეგობრებიც საჭიროა, მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ იმაზე მეტს გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები, ვიდრე ამას რეალურად ვიმსახურებთ," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×