(რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „რესპუბლიკაში" დაპატიჟა.
„რაც შეეხება მერკელის რუსეთის საზღვრებთან ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ეს ორიგინალური არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვპატიჟებ ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს",- განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ნატო-საქართველოს დაახლოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მეზობელი ქვეყნის მტრული სახელმწიფოს სტატუსს აძლიერებს და სამხრეთ ოსეთისა და მისი მთავარი პარტნიორის სიმეტრიულ რეაქციას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.