ტატა შოშიაშვილი
27.08.2018

 არიზონას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი შაბათს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 2017 წლის ივლისიდან ებრძოდა ძალიან მძიმე დაავადებას - თავის ტვინის სიმსივნის აგრესიულ ფორმას - გასულ წელს აღმოუჩინეს თავის ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმა - გლიობლასტომა.

ჯონ მაკკეინს გაუკეთდა ოპერაცია, შემდეგ კი სჭირდებოდა დამატებითი მკურნალობა. 2018 წლის 24 აგვისტოს სენატორის ნათესავებმა განაცხადეს, რომ მან უარი თქვა მკურნალობაზე, რითაც მინიმუმამდე დაიყვანა საკუთარი თავის გადარჩენის შანსი.

სენატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მსოფლიოს უამრავმა გავლენიანმა პირმა გამოთქვა სამძიმარი, მათ შორის ქართველმა მაღალჩინოსნებმაც.

"სი ენ ენ-ის" ინფორმაციით, მაკკეინმა სიცოცხლეშივე განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ. ამ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, ქვეყნის მეთაურ დონალდ ტრამპის გარდა, რომელსაც ცერემონიაზე არ მიიწვევენ.

მიუხედავად ამისა, სენატორის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, გამოთქვა საკუთარი ღრმა მწუხარება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია, რომლის განუზომელ, ფასდაუდებელ ღვაწლსა და თანადგომას ქართველი ერი არ დაივიწყებს. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სენატორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თავის წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ "ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის მემკვიდრეობა მთელ მსოფლიოში ცხოვრობს."

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მის სოციალური ქსელით გავრცელებულ წერილში ღრმა მწუხარება გამოთქვა "საქართველოს გამორჩეული მეგობრის" გარდაცვალების გამო და პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა "ამერიკელ ხალს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს."

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სენატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სენატორი იყო "იმ პატარა ქვეყნების მხარდამჭერი, რომლებიც თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან."

შეგახსენებთ, რომ არიზონას შტატის სენატორი ჯონ სიდნი მაკკეინი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იყო, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც. მის განცხადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია 2008 წლის 12 აგვისტოს ამერიკელ ამომრჩევლებთან ნათქვამი შემდეგი ფრაზა: "თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ."

იგი არაერთხელ გამოსულა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით და მრავალჯერ გაუკრიტიკებია რუსეთის ფედერაცია აგრესიისა და საქართველოში ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო. სენატორი მაკკეინი იყო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუციის ავტორი.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს სენატორი ჯონ მაკკეინი ქვეყნის ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×