ტატა შოშიაშვილი
27.08.2018

 ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (შითგ) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს თავად უნივერსიტეტმა გაავრცელა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარის ოდენობის დავალიანება გადაიხადა. შესაბამისი დოკუმენტი ჟურნალისტებს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ წარუდგინა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოუხსნას.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძის განცხადებით, საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკითხების განხილვის დღის წესრიგს ავტორიზაციის საბჭო არ ადგენს, არამედ მათ ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.

სტუდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადაიხადა, არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს. პრესკონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას და მისგან უნივერსიტეტთან მიმართებით ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაინტერესებას მოითხოვენ.

ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ითხოვენ, იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება დაფარა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაცვლელად ვადა 27 აგვისტომდე მისცა. მათაც სურთ, რომ მამუკა ბახტაძეს სწორედ ამ ვადაში შეხვდნენ. სტუდენტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×