სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერმა გვითხრა ის, რაზეც აქამდე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ
ია აბულაშვილი
27.08.2018

 

 "ანგელა მერკელი იქცა პირველ უცხოელ წამყვან სახელმწიფო მოღვაწედ, რომელმაც პირდაპირ გვითხრა ის, რაზედაც აქამდე კულუარებში საუბრობდნენ. ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე იგი ვერ ხედავს საქართველოს ნატო-ში", - განაცხადა სოსო ცინცაძემ, რომელსაც "მთელი კვირა" ქვეყაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

 

"მთელი კვირა": როგორ შეაფასებდით გერმანიის კანცლერის ვიზიტს და რა გზავნილები ჩამოიტანა ანგელა მერკელმა საქართველოში?

სოსო ცინცაძე: ევროპის დიდი პოლიტიკის ნებისმიერი გრანდის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. დიპლომატიური მხარდაჭერა, ხელოვნური საზღვრის მონახულება და ოკუპაციის აღიარება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი აქტივია.

მეორე მხრივ, პირადად მე, ადამიანი, რომელიც ელოდება, რომ მისი თაობის სიცოცხლეში გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, კანცლერის განცხადებამ მწარე რეალობის წინაშე დამაყენა:  შევხედოთ სიმართლეს თვალებში.

ქალბატონი ანგელა მერკელი იქცა პირველ უცხოელ წამყვან სახელმწიფო მოღვაწედ, რომელმაც პირდაპირ გვითხრა ის, რაზედაც აქამდე კულუარებში საუბრობდნენ - ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე იგი ვერ ხედავს საქართველოს ნატო-ში.

დღემდის ჩვენ გვესმოდა ნატო-ს ხელმძღვანელობისაგან, რომ აფხაზეთი და ოსეთი გადაულახავი ბარიერი არ იყო ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ გადამწყვეტია ნატო-ს ნებისმიერი ლიდერის ხმა და არა ალიანსის გენერალური მდივნის.

"მ.კ": საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს აღარ წარადგენს, რასაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა, რომ როდესაც სასამართლო სისტემაში კრიზისია, პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა გზა უნდა ეცადა, რომ პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანა; მან კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას?

სოსო ცინცაძე: თქვენ იცით, რომ მე ხშირად ვაკრიტიკებდი პრეზიდენტს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ვუსმენდი კომენტარებს და ყველა ერთხმად მიადგა მას, მაგრამ საინტერსოა, რა რესურსი აქვს პრეზიდენტს მოვალეობის შესრულებისთვის. ჩვენი წინაპრების ნათქვამი მახსენდება - სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ბუ, შენ დიდი თავი გაქვსო...

პრეზტიდენტი 5 წელია, ომშია და ამ ომში ის, პრაქტიკულად, მარტოა. პირდაპირ ვთქვათ, პრეზიდენტი არაერთხელ დარჩა გაბითურებული პარლამენტის მიერ და ახლაც, როდესაც უკვე ემშვიდობება ამ თანამდებობას და აღარ ისურვა, კიდევ ერთხელ გაბითურდეს, თურმე მოვალეობას გაექცა.

ჩემი აზრით, ის მოვალეობას გაექცა, როდესაც გადაწყვიტა, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი. აქ ის აბსოლუტურად თავისუფალი იყო გადაწყვეტილების მიღებაში და მის რეალიზაციაში. მას სულაც არ სჭირდებოდა პარლამენტის თანხმობა კანდიდატად დარეგისტრირებისათვის; მაგრამ მარგველაშვილმა არ ისურვა.

შეიძლება ეს მე ჩავთვალო მძიმე მოვალეობიდან თავის არიდებად, შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს უფრო დამაჯერებელი არგუმენტაციაც.

"მ.კ": მაგრამ ჩვენ ხომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებთი ვსაუბრობთ. სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით იმართებოდა რამდენიმე კვირაა კონსულტაციები საზოგადოების იმ წევრებთან, ვინც სასამართლო სისტემაში პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ და სწორედ მათთან იყო მსჯელობა, ამ თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეერჩიათ.

ს.ც: რაც შეეხება მის ამ გადაწყვეტილებას, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მიერ დასახელებული რამდენიმე კანდიდატი დღესაც "გაყინულია", ხოლო 12 ათასი საქმე განხილვას ელის, ანუ 12 ათასი ოჯახი ჩვენი მოქალაქეებისა გადაწყვეტილებას ელის, ამ დროს პრეზიდენტმა არ ისურვა კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყო ორივე ფეხით "კოჭლი იხვის" მდგომარეობაში.

ჩემი აზრით, არანაირი მორალური უფლება არა აქვთ არასამთავრობოებს, პრეზიდენტს უსაყვედურონ იმის გამო, რაშიც თვითონ არიან დამნაშავენი.

მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა უფრო დისკომფორტს შეუქმნიდა უმრავლესობას - გაერთიანებული მესამე სექტორის კანდიდატის, რომელიც არანაირად არ იქნებოდა დაკავშირებული პრეზიდენტის პიროვნებასთან, "ჩაგდება თუ პრეზიდენტის მიერ დასახელებული ნებისმიერი კანდიდატი.

რატომღაც დღეს "რადიაციული" გახდა ეს თანამდებობა. ისევე, როგორც ივანიშვილმა ვერ დაითანხმა საზოგადოების ცნობილი პიროვნება პრეზიდენტობაზე, მესამე სექტორიც ვერც ერთ თავმოყვარე იურისტს ვერ დაითანხმებდა ამ თანამდებობაზე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის როლში აღმოჩენა საზოგადოების ნდობით აღჭურვილ არც ერთ იურისტს არ სურს. დარწმუნებული ვარ, შეთავაზების შემთხვევაში ხელებს გაასავსავებნენ ავთანდილ დემეტრაშვილიც და ჯონი ხეცურიანიც, ვინაიდან ორჯერ ორის პასუხივით ცნობილია, რომ მმართველი პარტია როგორც ბუტაფორიული პრეზიდენტის თანამდებობას არ თმობს და ზურაბიშვილის შემოჩეჩებას აპირებს, ისე მისთვის "უცხო", თუნდაც საზოგადოების ნდობით აღჭურვილ იურისტს დაუთმობს ამ თანამდებობას?

ამიტომ მარგველაშვილმა, ჩემი აზრით, დასწრებაზე ითამაშა და მმართველ პარტიას მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ გაბითურების საშუალება არ მისცა. პოლიტიკაში ამას ჰქვია ცხენით ცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×