იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი მიიერთა, რისი სურვილიც მისმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გამოთქვა, რუსეთისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა სარისკო იქნება, რადგან ასეთ ქმედებას სერიოზული სანქციები მოჰყვება, - აღნიშნა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას.
"პუტინისათვის სარისკო ნაბიჯი იქნება. ერთია, როდესაც შენ სეპარატისტულ რეგიონს აღიარებ და მის ოკუპაციას ახდენ, მაგრამ, იურიდიულად, ის დამოუკიდებელია; მას ჰყავს თავისი პრეზიდენტი, პარლამენტი, ხელისუფლების ყველა ორგანო. ფორმალურად, ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
"ეს ერთია, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შენ მიიერთებ. ყირიმთან დაკავშირებით რატომ არის ასეთი პრობლემა? იმიტომ, რომ პუტინმა ყირიმი მიიერთა. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული სანქციები.
"თუ პუტინს კიდევ შემორჩა სიფრთხილის გრძნობა, მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას; ეს ყველაფერი არ სჭირდება რუსეთს, რადგან მას, პრაქტიკულად, ჯიბეში უდევს ეს ტერიტორია", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
აღნიშნულ საკითხზე "მთელი კვირა" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებებით ბიბილოვი არაერთხელ გამოსულა, მაგრამ რუსეთი "ყურსაც არ იბერტყავს". რუსეთს რომ სდომოდა ამ ტერიტორიის ანექსია, აქამდეც მოახდენდა.
"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ანექსირებას არაერთხელ მოახდენდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყირიმი მიითვისა და, პირობითად, ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა, სანამ მსოფლიოში ეს ხმაური და ანტირუსული კამპანია ერთნაირად გადაუვლიდა. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ბიბილოვი პირველად არ ამბობს რუსეთთან მიერთებაზე, წელიწადი არ გავა, რომ არ თქვას.
"ერთხელ შევარდნაძის დროს და მეორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს იქ რეფერენდუმები ჩატარდა და იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ რუსეთთან გაერთიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ ფაქტს რუსეთმა ყურიც კი არ ათხოვა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი ანექსიით ახალს არაფერს იძენს, მას ისედაც აქვს, რაც სურს. ამიტომაც ზაქარეიშვილი დამატებით ანექსიის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"რუსეთი არ მიისწრაფვის ანექსირებისაკენ; მას კარგად ესმის, რომ სამხრეთ ოსეთის დღევანდელი ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაში ღრმად ჩასმული ანკლავია. სამხრეთ ოსეთის პერსპექტივა არის საქართველო: გზა გადის სამხრეთით, ნავთობი, გაზსადენი, რკინიგზა, ავტობანი.
"რუსეთი ანექსიით დამატებით ახალს არაფერს იღებს. მას რაც უნდა, ისედაც აქვს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე - სამხედრო ბაზები, რომელიც ემუქრება როგორც მთლიანად საქართველოს, ისე ნატო-ს ჯარებს თურქეთის ხაზით.
"თუკი იგი ანექსირებას მოახდენს, უფრო მეტად გაურთულდება საქართველოსთან მომავალში შერიგების მიღწევა. დღეს რუსეთის ინტერესებში არ ჩანს, რომ სურს გააკეთოს ის, რაზეც ლაპარაკობს ბიბილოვი. რუსეთს ეს რომ სდომოდა, არაერთხელ გააკეთებდა. ამიტომაც ეს არის ბიბილოვის მორიგი მცდელობა, მოსახლეობა მოატყუოს, რომ რუსეთისკენ მიდიან, მაგრამ რუსეთი ერთ ყურში უშვებს და მეორეში ატარებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.