გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ესტუმრა. 24 აგვისტოს იგი სამხრეთ კავკასიური ტურნეს მსვლელობისას ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც განაცხადა, რომ ვერ ხედავს საქართველოს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივას, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც დაასახელა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაცია.
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაში კი ახალი არაფერია, რადგან ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის მსვლელობისას იმავე შინაარსის განცხადებები იყო ამ თემაზე.
"მერკელის განცხადებაში არანაირი სიახლე არ ყოფილა. ახლახან ბრიუსელში ჩატარდა ნატო-ს სამიტი, სადაც, ფაქტობრივად, ანალოგიური განცხადებები ისმოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ანგელა მერკელი არ ამბობს, რომ საქართველო ვერ გახდება ნატო-ს წევრი, არ ამბობს, რომ შორეულ პერსპექტივაშიც კი ვერ ხედავს ამას, ის გულისხმობს ახლო მომავალს.
"რომელიმე ანალიტიკოსი ან პოლიტიკოსი შეძლებს იმის თქმას, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოსალოდნელი იყო დღეს ან ხვალ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ მერკელის სიტყვები ახალი არ ყოფილა.
"უახლოეს პერსპექტივაში არ გულისხმობენ ხუთ, შვიდ ან ათ წელიწადს. მერკელმა თქვა, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ის ვერ ხედავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ვერც ჩვენ ვხედავთ ამას.
"არც ის არის სიახლე, რომ პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიებია. თუ დავაკვირდებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რუსი წამყვანი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გამოსვლებს სხვადასხვა თოქ-შოუში, წამოსცდებათ ხოლმე ამ ომის გაჩაღების მთავარი მიზეზი - ეს არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხება.
"ბრიუსელის სამიტის შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რადგან სამიტის დასკვნაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მსგავსი ჩანაწერები მანამდეც იყო, მაგრამ რაღაც მიზეზით ახლა განსაკუთრებულად მძაფრად აღიქვეს და სვამდნენ კითხვას - ნუთუ შესაძლებელია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის შემთხვევაში ქვეყანა, ზოგადად, გახდეს ნატო-ს წევრი? ეს იყო რუსეთის რეაქცია", - ამბობს სალუქვაძე.
მისივე თქმით, არ არის საჭირო კანცლერის სიტყვების გადატრიალება და მათში რაიმე ისეთის დანახვა, რაც არ არის.
"სიახლე არ არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ხელს უშლის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და, ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის გაწევრიანებას, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებელი ფორმულების მონახვა და გამოსავლის პოვნა, თუ ამისი პოლიტიკური ნება და ფონი არსებობს.
"ანგელა მერკელს რომ ეთქვა, გაისად შესაძლებელია საქართველოს მიენიჭოს მაპი, მაპის მინიჭებამდე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, იგულისხმება რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეები, რამდენჯერმე გაიზრდებოდა. ეს არის აქსიომა.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად მოვუწოდებდი პოლიტიკოსებსა და ექსპერტთა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი, რომ შეეშვან ამ თემით სპეკულირებას, რადგან არ არის საჭირო კანცლერის სიტყვების უკუღმა გადატრიალება და რაიმე ისეთის დანახვა, რაც არ არის.
"ზუსტად ასეთი არასწორი შეფასებებით იზრდება კრიტიკული დამოკიდებულება ნატო-სადმი და მატულობს პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის აქტიურობა.
"სოციალურ ქსელში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საკმაოდ ბევრი კომენტარი გავრცელდა მსგავსი ხასიათისა. მინდა, მოვუწოდო ხალხს, რომ ნუ შეუწყობენ ხელს ანტიდასავლური პროპაგანდისა და აგიტაციის გაძლიერებას.
"რაც შეეხება პრორუსულად განწყობილ აგიტატორებს, არც ერთ მათგანს არ არქვს რაიმე ღირებული წინადადება, კონკრეტული გეგმა და ქმედება ნატო-ს საპირწონედ.
"ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში ეს ადამიანები სოციალურ ქსელში დებენ უარყოფით და, შეიძლება ითქვას, არაადეკვატურ შეფასებებს კანცლერის ვიზიტზე, ასეთი განწყობა იმატებს და იმატა კიდეც", - აღნიშნა ექსპერტმა.
ამირან სალუქვაძემ ისიც აღნიშნა, რომ არც იყო მოსალოდნელი, გერმანიის კანცლერს სერიოზული გადაწყვეტილების ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რაიმე ახალი ეთქვა.
"როგორც ერთი ვექტორის, ასევე მეორე ვექტორის მომხრეებს ერთი რამ მინდა ვუთხრა - ნებისმიერ შემთხვევაში მერკელის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვისაც ჰქონდა განსაკუთრებული მოლოდინი, რომ კანცლერი ნატო-სთან დაკავშირებით რაღაც მესიჯებს ჩამოიტანდა, მათ პოლიტიკაზე აბსოლუტურად არ აქვთ წარმოდგენა.
"რა უნდა ეთქვა მერკელს ახალი, როდესაც ბრიუსელში ჩატარებულ სამიტზე ყველაფერი ითქვა? ახლა იყო საქმიანი ვიზიტი, მას თან ახლდა ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ასეთი კავშირი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.
"ნატო-საც რომ დავანებოთ თავი, როგორ შეიძლება, ქილიკით ვისაუბროთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერის სამუშაო ვიზიტზე? არ შეიძლება ამ ფაქტის ისე შეფასება, თითქოს მერკელს საქმე აქვს გამოლეული, სასეირნოდ ჩამოვიდა, "დაგვაბოლა" და წავიდა - ეს ხომ სრული აბსურდია. პოლიტიკა ვიზიტების გარეშე არ არსებობს", - თქვა სალუქვაძემ.
იგი აღნიშნავს, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერებთანაც მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო, რადგან სწორედ მსგავსი ხასიათის ვიზიტებია საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისა და ქვეყნების დაახლოების განმაპირობებელი.
"მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ფასეულია სწორედ იმ კუთხით, რომ საქართველო-გერმანიას შორის იყოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, დიალოგი და ურთიერთგაგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას ახალგაზრდების პოზიცია დაინახა. ერთია, როდესაც ჩვენ ჩავდივართ ბრიუსელში და იქ გამოვდივართთ განცხადებებით და მეორეა, როდესაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი ჩამოდის საქართველოში.
"კარგი იქნება, თუ ამას მოჰყვება საფრანგეთის პრეზიდენტის ჩამოსვლაც, დიდ ბრიტანეთთან გაღრმავდება ურთიერთობა და ა.შ. მსგავსი ვიზიტების შედეგად უფრო მეტად დავუახლოვდებით და მოინახება ფორმულები არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
"მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სივრცეში გამოდიან, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს.
"აქ საუბარი არ არის შიდა საკითხებზე, შიდა საკითხებზე ყველას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ რაც შეეხება საგარეო ვექტორს, აქ ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს, სხვაგვარად არ შეიძლება - როდესაც ჩვენ მერკელს ვესაუბრებით, რომ სახელმწიფოში დემოკრატიის პრობლემაა და შემდეგ ვამბობთ, რომ საქართველო მიიღეთ ნატო-ში - ესეც უნდა დამთავრდეს.
"უნდა შეწყდეს ეს "დასმენები" ბრიუსელში, კრემლში, ვაშინგტონსა და ა.შ. საგარეო ვექტორთან დაკავშირებით მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს ერთსულოვანი, თუ უნდათ, რომ რაიმეს მივაღწიოთ", - დასძინა ექსპერტმა.