შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარის ოდენობის დავალიანება უკვე გადაიხადა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს ვადას დღის ბოლომდე აძლევს, რომ სტუდენტების მიღების შეზღუდვა მოუხსნას.
ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძის განცხადებით, საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის.
IBSU-ს რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ დღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა, რომლითაც სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისთვის შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.
როგორც მან აღნიშნა, დღეს აბიტურიენტების მიერ სასწავლებლის არჩევასთან დაკავშირებული ვადა იწურება.
„დავალიანება უკვე გადავიხადეთ. ცენტრისგან ვითხოვთ, რომ ჩვენს მდგომარეობას გადახედონ და ერთხელ კიდევ შეისწავლონ, ვინაიდან დღეს აბიტურიენტების მიერ არჩევანის გაკეთების ბოლო დღეა და რომ არ დაზარალდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვთ მითითებული. ისინი გველოდებიან, როგორი შედეგი იქნება. იმედი გვაქვს, ცენტრი ამას გაითვალისწინებს", - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.
ამასთან, მისი თქმით, უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გადაწყვეტილებაზე ოფიციალური წერილი არ მიუღია, ამიტომაც IBSU სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავს.
„ვმსჯელობთ სააპელაციო საბჭოს მივმართოთ თუ სასამართლოს. როცა შესაბამის წერილს მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა რექტორმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესი დროში გაჭიანურდება და აბიტურიენტების მიღებას შეაფერხებს.
„ამ პროცესს დრო მიაქვს და პირველკურსელების მიღება ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მათ ვერ მიიღებს, რადგან დრო უკვე იწურება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცენტრს მივმართოთ, ჩვენს საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს და იმედი გვაქვს, გადახედავენ. განცხადება შეგვაქვს, რომ დავალიანება გადახდილია. დღეს 18 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს შეცვლის უფლება", - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის თქმით, თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს.
„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, მაგრამ ტენდენცია კარგია, რადგან დაწესებულებამ გადაწყვიტა ამ პრობლემებს მიხედოს. ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.