თამარ შუკვანი
27.08.2018

 იმ შემთხვევაში თუკი აპელაციის შედეგად ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვლება, სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება და მათ საშუალება მიეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაბრუნდნენ, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება აუკრძალა. მისივე თქმით, ცენტრი არ აპირებს დააკმაყოფილოს იბსუ-ს თხოვნა სანქციის გაუქმებაზე.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა ორშაბათს დაფარა 700-ათასლარიანი დავალიანება, რის გამოც ის დასაჯეს, თუმცა სანიკიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, რექტორის თხოვნას არ დააკმაყოფილებენ.

„უნივერსიტეტის რექტორი ავტორიზაციის საბჭოს თავის ულტიმატუმს უყენებს, რომელიც არის ძალიან არარეალისტური და თავისთავად უსაფუძვლოა. რექტორმა იცოდა ავტორიზაციის წესებისა და პროცედურების შესახებ. ამიტომაც, ასეთი არარეალისტური მოლოდინი არ უნდა გაეჩინა აბიტურიენტებისათვის.

„ერთ დღეში აპელაციისა და ავტორიზაციის საბჭო ამ პროცედურას ვერ განახორციელებს, თუმცა სტუდენტებს მათი გადაწყვეტილებით, თუკი გადაიხედება ავტორიზაციის გადაწყვეტილება, ჩვენ როგორც ახლა მივცემთ აბიტურიენტებს მობილობის საშუალება, ამის შემდეგაც გამოვუცხადებთ რიგგარეშე მობილობას და ვისაც სურვილი ექნება, შეძლებენ დაბრუნდნენ ისევ იბსუში," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისი განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მისი მიღების დღიდან შედის ძალაში, რომელიც 2016 წლიდან დღემდე ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. მისი თქმით, დაწესებულების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე აპელაციის საბჭოს საშუალება ექნება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შეცვალოს.

„ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია აპელაციის გზით. ეს არის პროცედურა, რომელიც რეფორმის ფარგლებში იყო გათვალისწინებული და 2016 წლის დასასრულიდან ინტენსიურად უკვე მუშაობს.

„აპელაციის საბჭო, რომელიც შედგება განსხვავებული წევრებისაგან და ისინი არ არიან დაკავშირებული არც ავტორიზაციის და არც აკრედიტაციის საბჭოსთან, შესაბამისად, არც ცენტრთან, იმსჯელებენ დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომელმაც უნდა გააბათილოს საბჭოს გადაწყვეტილება.

„აპელაციის საბჭოს ექნება საშუალება, თუკი ის არგუმენტებს მისაღებად ჩათვლის, თავისი მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნოს ეს გადაწყევტილება ავტორიზაციის საბჭოსთან. ავტორიზაციის საბჭოს მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია თავისი გადაწყვეტილების გადახედვა. ეს არის დადგენილი პროცედურა, რომლითაც 2016 წლის მერე არაერთმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ისარგებლა," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა სრულად დაფარა დავალიანება, ამიტომაც ავტორიზაციის საბჭოს არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია, რომ უნივერსიტეტს მიმდინარე წელს სტუდენტთა მიღება შეუზღუდოს.

„დავალიანება სრულად არის დაფარული და დღეს აისახა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეც. ფაქტობრივად, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არც მანამდე ემუქრებოდა, უნივერსიტეტის ქონებას, ან სტუდენტების სწავლა-განათლებას.

„შავი ზღვის უნივერსიტეტმა უკვე მიმართა ავტრიზაციის საბჭოს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და ფაქტობრივად, ამ მოლოდინის რეჟიმში არის უნივერსტიტეტი. ასევე, უნდა ითქვას, რომ არ არის გამოქვეყნებული ის გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის უნივერსიტეტს აეკრძალა ერთი წლის განმავლობაში სტუდენტების მიღება.

„არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანის და შემდეგ იმისა, რომ თავინთი გადაწყვეტილება არ შეცვალონ, არ არსებობს. ეს არის უბრალოდ უსამამართლობა და უკანონობა," - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×