რეზონანსი
27.08.2018

 (რეზონანსი) სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის ხუთი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე 1989 წელს დაბადებული ი.ი. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი" და 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი" ამოიღო.

როგორც მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნარკოტიკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია რვა შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 700 გრამამდე „ჰეროინი".

ამასთან, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია ორი პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკები: 25 აბი „ექსტაზი", ასევე, „ამფეტამინი", „მდმა" და LSD.

შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. პოლიციამ დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" საკონტროლოდ შეისყიდა. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×