გვანცა წულაია
27.08.2018

 სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ კლავ პატიმრობაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მცხეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ბედუკაძის განაცხადებით, დაცვის მხარე კობაურის პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

მისიე თქმით, მკვლელობის საქმეში ახალი მტკიცებულებები გამოიკვეთა.

„დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა, რომ ეს შეცვლილიყო. საფრთხეები, რაც სასამართლომ მიიჩნია, ისევ ძალაშია, პირიქით, საფრთხეები მომატებულია კიდეც, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორის მოადგილემ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ კობაურის ოჯახის წევრები, რომლებიც დღეს პროცესს ესწრებოდნენ.

ბრალდებული 19 წლის მწყემსის დედა მარინა მარტიაშვილი მისი შვილის გათავისუფლებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მალხაზ კობაური უდანაშაულოა.

„ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. დარწმუნებული ვარ, უდანაშაულოა, რადგან მე ვიცი, რაც არის ჩემი შვილი. ამ დანაშაულს იგი არ ჩაიდენდა", - განაცხადა მარტიაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

მცხეთის მოსამართლემ თქვა, რომ ვინაიდან საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი, მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვა დაიხუროს.

19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კობაურს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×