ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა ძალიან დაბალია, რადგან ეს არის მაფიოზური ორგანიზაცია, რომელსაც აკონტროლებს გარკვეული რაოდენობის ადამიანი. ექსპერტის აზრით, სასამართლო სისტემაში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა წესიერი ადამიანია, თუმცა მათ აკონტროლებს 5-6-კაციანი ჯგუფი, რომლებიც მეტასტაზებივით მოედნენ სასამართლო სისტემას.
"კვლევებშიც ჩანს, რომ სასამართლო მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობა არის პლინტუსს ქვემოთ. მივიღეთ რაღაც მაფიოზური ორგანიზაცია, რომელსაც აკონტროლებს გარკვეული რაოდენობის ადამიანი. იუსტიციის საბჭოშიც მათ აქვთ უმრავლესობა. ფაქტობრივად, ისინი დაასრულებენ ამ მაფიოზური სისტემის ჩაბეტონებას.
საბოლოო ჯამში, ეს ძალიან დიდი პრობლემაა “ქართული ოცნებისთვისაც” და თავად სასამართლოსთვისაც. რამდენადაც მესმის, სასამართლოში 80% წესიერი ადამიანია. ერთი 5-6 კაცია ამ ყველაფერზე მომჯდარი. იგივე ხალხი საკნონსტიტუციო სასამართლოსაც გადაწვდა და თავისი მეტასტაზები გაავრცელეს. სიმსივნოვანი დაავადებასავით არიან ეს ადამიანები. ავგიას თავლად აქციეს სასამართლო სისტემა. თუ არ იქნება სამართლის განცდა, არც მშვიდობა არ იქნება. ავგიას თავლას ძალიან მძიმე მეთოდებით წმენდენ. საბოლოო ჯამში ამ სასამართლოს გადაჰყვება ხელისუფლებაც", - განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველის” ეთერში.