კომერსანტი
28.08.2018

 ბიზნესომბუდსმენის აპარატი "კომერსანტთან" საუბრისას ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტს სკეპტიკურად აფასებს. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მას ბოლო დროს ამ დარგში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და მწარმოებლებთან უწყვეტი კომუნიკაცია აქვს, ამიტომ აქციის დაანონსების საჭიროებას ვერ ხედავს.

ლექვინაძის თქმით, საბაჟოზე ნედლეულის ხარისხის კონტროლის მიზნით ტვირთის დროებით შეჩერების შესახებ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები გაფრთხილებულები იყვნენ. ბაზარზე სამართლიანი ვაჭრობის წესები და ხარისხის კონტროლი კი დაცული უნდა იყოს.

"ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე კვირაში არსებული გაურკვევლობა სრულიად აღმოიფხვრება. უახლოეს დღეებში ორივე მხარეს შორის შეხვედრა შედგება და საკითხი გადაიჭრება. ზუსტი თარიღის დადასტურებას ამ ეტაპზე ველოდები. თუმცა მიმაჩნია, რომ მწარმოებლებისთვის ეს ფაქტი რადიკალური მოქმედების საფუძველი არ უნდა გახდეს", - აღნიშნა მან.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ცემენტის ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ რამდენიმე მოთხოვნა, რაციონალური და არგუმენტირებული.

"მწარმოებლებს ვეთანხმები, რომ კლინკერის ხარისხის კონტროლზე მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლია", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

აქციის მონაწილეების მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია: "მთავრობას უნდა, რომ ნედლეული საბაჟოზე იდგეს თვეობით, იმპორტიორებმა ხელი აიღონ მის შემოტანაზე და ჩვენთვის მოწოდებაზე, გაჩერდეს ადგილობრივი წარმოებები და ქვეყანაში ცემენტის ერთადერთ მწარმოებლად საბოლოოდ ჩამოყალიბდეს "ჰაიდელბერგცემენტი", რომელიც ისედაც ფლობს ბაზრის 80%-ზე მეტს და ისედაც არის მონოპოლისტი, თუმცა არ თამაშობს და არც არასდროს თამაშობდა იმ წესებით, რაც მონოპოლისტს მოეთხოვება. ამას მთავრობა ყურადღებას არ აქცევს."

ამ საკითხზე კომენტირებისას ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ "ჰაიდელბერგცემენტი" ადგილობრივი უმსხვილესი მწარმოებელია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან კომპანიისთვის რაიმე სახის ხელოვნური პირობების შექმნა გამორიცხულია.

"ბაზარზე ვაჭრობის სამართლიანი წესები უნდა არსებობდეს, თუ რაიმე სახის დარღვევა იქნება, ჩვენც შესაბამისად, ყველა მხარესთან კომუნიკაციის გზით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პროტესტის უკიდურეს ფორმებზე გადადიან და სახელმწიფო კანცელარიის წინ მასშტაბური აქციის გამართვას 29 აგვისტოს 12 საათზე აანონსებენ.

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა 20 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართეს და საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსეს. იმავე დღეს, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, მწარმოებლებს პრემიერის აპარატიდან გამოეხმაურენ და პრობლემაში გარკვევას და მის მოგვარებას კვირის ბოლომდე დაჰპირდნენ. შედეგად, ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციების დაწყება დღის წესრიგიდან მოხსნეს. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობის შემდგომ აქცია კვლავ დაანონსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×