"არა მგონია, ვინმე დარეგისტრირდეს, რადგან მევახშეებს არ სურთ, საჯაროდ გამოაჩინონ თავიანთი ფინანსები"
ნათია ლომიძე
28.08.2018

 კერძო პირები დღემდე კონკრეტულ თანხას თვეში, საშუალოდ, 10%-ად თუ გასცემდნენ, მომდევნო წლიდან სესხის პროცენტი გაუნახევრდებათ. ახალი რეგულაცია, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მუშაობდნენ და ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, დაჩქარდა და უკვე ამოქმედდა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი ინიციატივა შედეგს გამოიღებს და რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე დაწერილ კანონად არ დარჩება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მევახშეების რიცხვს ვერ შეამცირებს, რადგან ისინი ალტერნატიულ გზას აუცილებლად გამოძებნიან.

ე.წ. კერძო გამსესხებლები ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემას ვეღარ შეძლებენ. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მათ ეს უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭებათ, რაც სებ-ში რეგისტრაციას გაივლიან.

როგორც ცნობილია, 20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვა ამოქმედდა. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტებად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალათ, რაც ნიშნავს, რომ გარდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, არც ერთ მეწარმეს ბინის გირაოში ჩადების სანაცვლოდ თანხის გაცემის უფლება არ ექნება.

რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა კი მევახშეებს მხოლოდ 2019 წლის იანვრიდან ექნებათ: "ოქტომბერში გავრცელდება ეროვნული ბანკის დადგენილება, როგორ უნდა გაიარონ ამ პირებმა რეგისტრაცია, ანუ გამოქვეყნდება შესაბამისი წესები. 2019 წლის იანვრიდან დარეგისტრირების საშუალება მიეცემათ, მანამდე კი უზრუნველყოფილ სესხებს ვერავინ გასცემს.

ეკონომისტების დიდი ნაწილი ახალ რეგულაციას დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს მევახშეების რიცხვს ვერ შეამცირებს. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძეს ეჭვი ეპარება, რომ ვინმე დარეგისტრირდეს, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი მაინც, რადგან მევახშეებს არ სურთ, საჯაროდ გამოაჩინონ თავიანთი ფინანსები. ცნობილია, რომ მათი ფინანსები არ არის ისე სუფთა, როგორც კომპანიებისა.

"მევახშეებისთვის ეს რეგულაცია არაფერს შეცვლის. ეჭვი მეპარება, რომ ამ ადამიანების რიცხვი შემცირდეს. თუკი მევახშეები დღემდე იპოთეკაზე აგებდნენ საქმიანობას, ახლა ალტერნატივას მოიფიქრებენ. რაც შეეხება მათ რეგისტრაციას ეროვნულ ბანკში, არა მგონია, კერძო პირებმა ეს ნაბიჯი გადადგან, რადგან მოსთხოვენ ფინანსური რესურსების წარმოშობის პრეისტორიას, საიდან აქვთ მათ ეს თანხები. დარეგულირებად ბაზარზე მომუშავე პირებს კი ასეთი კონტროლის სურვილი არ აქვთ.

თუ ეს რეგულაცია მხოლოდ ფურცელზე არ დარჩა და მართლა მოხდება კერძო მევახშეების რეგულაცია, კარგია, მაგრამ არა მგონია, ვინმე დარეგისტრირდეს, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილი მაინც, რადგან მათ არ სურთ, საჯაროდ გამოაჩინონ თავიანთი ფინანსები. მევახშეთა თანხა და მით უფრო საქმიანობა არ არის ისეთი სუფთა, როგორც კომპანიებისა. ასე რომ, ძირეულ ცვლილებას არ ველოდები ახალი რეგულაციით", - განუცხადა  "ბიზნეს-რეზონანსს" ბერძენაძემ.

კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვის ამოქმედებას დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებში". საბანკო პროდუქტების ექსპერტ ანი ალიბეგაშვილის თქმით, ახალი პირობების ამოქმედებიდან მევახშეებს ხელშეკრულებების გონივრულად მომზადება და სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში მოქცევა მოუწევთ.

"ამიერიდან ყველა დაინტერესებული პირი, ვისაც უნდა სესხის გაცემა, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვალდებულია, ეროვნულ ბანკში აიღოს ლიცენზია და ოფიციალურად დაიწყოს ოპერირება ბაზარზე. ეს ეხებათ მევახშეებსაც და საკმაოდ კარგი რეგულაციაა, რადგან დღესდღეობით არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც მევახშეების სასესხო პორტფელზე მათი ვადაგადაცილების მაჩვენებელს ან პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციას აღრიცხავს. შესაბამისად, ერთადერთია უძრავი ქონების სტატისტიკა, რომლის გასხვისებაც ხდება აუქციონის წესით.

აყოველწლიურად იძულებით გაყიდული უძრავი ქონების 50%-ზე მეტი მოდიოდა მევახშეებზე. ამიერიდან მათ მოუწევთ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნულ ბანკთან მოუწევთ ყოველთვიური თუ ყოველწლიური ანგარიშგება,თან იმდენად დეტალურად, რომ შეიძლება ბევრმა გამსესხებელმა უარი თქვას საქმინობაზე", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალიბეგაშვილმა.

ეკონომისტი ირაკლი მაკალათიაც ადასტურებს, რომ სამომავლოდ მკვეთრად შემცირდება კერძო გამსესხებლების რაოდენობა, რადგან ისინი არ მოისურვებენ სესხის გაცემას უზრუნველყოფის გარეშე, რაც გამოიწვევს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და ადამიანებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ბანკები დარჩება.

"ეს აკრძალვა არის ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანებს ეკრძალებათ ერთმანეთთან ფინანსური გარიგების დადება, კერძო პირების ფინანსური მომსახურების მისაკუთრებით კი ბანკების მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ძნელი სათქმელია, რეგულაცია გამოიწვევს თუ არა იპოთეკური სესხების გაძვირებას, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ დაწესებული და აქამდე არც კერძო გამსესხებლები იძლეოდნენ დაბალ პროცენტში.

ცხადია, მკვეთრად შემცირდება მევახშეების რაოდენობაც, რადგან გამსესხებლები არ ისურვებენ სესხის გაცემას უზრუნველყოფის გარეშე. ამ რეგულაციით დაზარალდება როგორც მომხმარებელი, რადგან ეზღუდებათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ასევე გამსესხებლებიც, რადგან მათი ბიზნესი, ფაქტობრივად, უქმდება. მოგებული მხოლოდ საბანკო სფერო დარჩება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მაკალათიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×