ხელოვნურად გაძვირებული ხორბალი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს. საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის ახალ განკარგულებას მარცვლეულის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის შესახებ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო პერიოდში ისედაც 36 ლარიდან 44 ლარამდე მოიმატა. თუკი ხორბალი მხოლოდ გემით შემოვა ქვეყანაში, მაშინ ბათუმიდან თბილისამდე ხორბლის შემოტანა 1 ტონაზე, მინიმუმ, 30 დოლარით გაძვირდება, რაც უშუალოდ გადაზიდვის ხარჯს უკავშირდება.
ფქვილზე ფასის ზრდას სპეციალისტები შიდა და გარე ფაქტორებით ხსნიან, რაც დროში ერთმანეთს დაემთხვა. დამატებითი ფაქტორია ბუნებრივი აირის გაძვირება. 15 სექტემბრიდან "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 77 თეთრიდან 85 თეთრამდე გაზარდა. კომპანიის ცნობით, გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს ეხება, მაგრამ მათ შორის ნამდვილად არიან პურის საცხობები.
ამას დაემატა ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მოსავალი შემცირდა. სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ყოველივე ამის ფონზე კი პურპროდუქტების ბიზნესოპერატორები ვარაუდობენ, რომ პურის ფასი შეიძლება 30%-ით გაიზარდოს.
ბოლო "ლურსმანი" საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩააჭედა, რომელმაც ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებისთვის ახალი ბრძანება გამოსცა. კერძოდ, ხორბლისა და ჭვავის ფქვილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ბრძანებას ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან იმპორტიორები. მინისტრის განმარტებით, ხორბლის ავტომანქანებით შემოტანა ლარსის გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო მოძრაობას აფერხებდა, თუმცა ეს მხოლოდ მიზეზია. მეწარმეები ფიქრობენ, რომ საქმე უფრო რთულადაა, რაც დროთა განმავლობაში გამოაშკარავდება.
როგორც იმპორტიორმა ბესო ჯიქიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, ახალი ბრძანება აუცილებლად გააძვირებს მზა პროდუქტსაც, რაც არა მხოლოდ პურზე აისახება, არამედ ყველა საწარმოზე, რომელიც მარცვლეულს იყენებს.
"ლარსის გამშვებ პუნქტზე საცობის გამო ავტომობილებით ხორბლის შემოტანის აკრძალვა უბრალო საბაბია და მეტი არაფერი. ეს პრობლემა იყო ერთი თვის წინ, ახლა აღარაა. ზაფხულის მერე საერთოდ აღარ იქნება, მაგრამ აკრძალვა ძალაში დარჩება. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, რეალურად რატომ შეიცვალა.
მძღოლების აქტიური ჯგუფი ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა და ვიცი, რომ ულტიმატუმი წაუყენეს - სამინისტროსგან გონივრული ვადა, ერთი წელი ან ცოტა მეტიც, მოითხოვეს, რომ თავიანთი მანქანების ხარჯი მაინც დაფარონ, რომელშიც მილიონამდე ლარი აქვთ ჩადებული. ზოგმა უკანასკნელი თეთრი გაიღო, რათა ეყიდა ავტომობილი და ლუკმაპურის საშუალება ჰქონოდათ.
მინისტრის გადაწყვეტილება, რასაკვირველია, იმოქმედებს პურპროდუქტების ფასზე. კონკურენტუნარიანი გარემო ყალიბდებოდა იმით, რომ მსხვილი შემომტანი კომპანია ფასს ვერ ზრდიდა, რადგან ამის საშუალებას მცირე მეწარმეები არ აძლევდნენ. ახლა უკონკურენტოდ დარჩენილები აუცილებლად გაზრდიან ფასს.
ხორბლის გაძვირება არა მარტო პურს გააძვირებს, არამედ სხვა დარგებსაც მძიმე ტვირთად დააწვება, კონკრეტულად მათ, ვინც ხორბალს იყენებენ. ერთ-ერთია მეფრინველეობა. მხოლოდ პურზე როდია საუბარი, მასშტაბურ გაძვირებას ხელოვნურად უწყობენ ხელს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ჯიქიამ.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ბრძანება ლარსზე საცობის შემცირებას ემსახურება. მისი ინფორმაციით, ავტომობილებით ხორბლის მხოლოდ 15% შემოდის, დანარჩენი კი - გემითა და რკინიგზის მეშვეობით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირე მეწარმეების დიდ ნაწილს მხოლოდ ავტომობილები ჰყავს, რკინიგზა კი რამდენჯერმე ძვირი ჯდება.
"ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ჩვენ გავიგეთ, უკავშირდება ლარსზე წარმოქმნილ რიგს და მისი განტვირთვის მცდელობას. მანქანებით ხორბლის მხოლოდ 15% შემოდის, რაც მარაგს არ ქმნის და დიდი პრობლემაც არაა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს დადგენილება მაინც დროებითად მიმაჩნია. დადგენილების მეორე ნაწილში წერია, რომ სხვადასხვა შემთხვევაში დაშვებულია მანქანით ხორბლის შემოტანა. ასე რომ, არაა გამორიცხული, მხოლოდ ლარსზე გაჩენილ პრობლემას უკავშირდებოდეს ახალი რეგულაცია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სილაგავამ.
კომენტარისგან თავს იკავებენ პურის ქარხნებიც. "იფქლის" ხელმძღვანელი ბაქარ ბაკურაძე ამბობს, რომ არ იცის, ახალი ბრძანება რა გავლენას მოახდენს. ჯერჯერობით მზა პროდუქტის ფასი არ მომატებულა, რაც არ იძლევა ნაადრევი დასკვნების გამოტანის საშუალებას.
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იმპორტიორები არ ვართ და ნედლეულსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, არ შემიძლია, ვთქვა, ეს რა გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასზე. ჩვენ ფქვილს ვყიდულობთ, ვაცხობთ პურს და რეალიზაციას ვახდენთ. ჯერჯერობით მზა ნაწარმის ფასი არ მომატებულა, რაც არ მაძლევს საშუალებას, ნაადრევი დასკვნები გამოვიტანო", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ბაკურაძემ.