მარიკა გოგოხია
28.08.2018

 შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის პროცესი კვლავ გრძელდება. ზოგ შემთხვევაში პრობლემა არ აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც კარგი საკრედიტო ისტორიით არ გამოირჩევიან, თუმცა სესხისა და განვადების სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ განვადების მომსახურებაში კომერციულ ბანკებს უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეცილებიან.

ერთი შეხედვით, საფინანსო სექტორი რეგულაციის პირობებს არღვევს, მაგრამ სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ დისბალანსი აღმოიფხვრა და სესხების სიმძიმე კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე თანაბრად გადანაწილდა.

კლიენტების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკას კერძო ორგანიზაციებში დღესაც აქტიურად აგრძელებენ, რაც ხდება ღიად, დაუფარავად, სატელეფონო გზავნილების საშუალებითაც.

"არ გაქვთ კარგი საკრედიტო ისტორია? ფიქრობთ, რომ შეუძლებელია სესხის აღება? მობრძანდით და აიღეთ სესხი", - ასეთი შინაარსის ტექსტურ შეტყობინებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მასობრივად ავრცელებენ. სესხის მიმზიდველობა ისაა, რომ კლიენტს არსებული სესხების გადაფარვის საშუალებას აძლევს, დაუდასტურებელი შემოსავლისა და ფინანსური ტვირთის სიმძიმის მიუხედავადაც.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა განვადების სავაჭრო ობიექტებში განვადების დასამტკიცებლად მისულ მოქალაქეებს კომერციული ბანკების უარს ეუბნებიან, მაგრამ მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უპრობლემოდ უმტკიცებს სესხს.

თბილისელმა ირმა ბესელიამ "ბიზნეს-რეზონანსს" უამბო, რომ ძვირადღირებული ტელეფონის შეძენა სწორედ არასაბანკო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული განვადებით შეძლო.

"არ ვმუშაობ და არანაირი შემოსავალი არ მაქვს - არც დადასტურებული და არც დაუდასტურებელი. მიუხედავად ამისა, განვადების სერვისით სარგებლობა არ გამჭირვებია. თავდაპირველად ერთ-ერთ ბანკს ვთხოვე მომსახურების გაწევა, შევავსე კიდეც განაცხადი, მაგრამ უარი მივიღე. იმავე ბანკის წარმომადგენელმა მირჩია, რომ სხვა ორგანიზაციისთვის მიმემართა და მართალაც არ შემქმნია პრობლემა. ტელეფონი განვადებით შევიძინე, თანაც უპრობლემოდ, თუმცა საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი შემომთავაზეს, 600-ლარიან საქონელში დამატებით 100 ლარი პროცენტი, ჯამში, 700 ლარის გადახდა დამეკისრა", - ამბობს მომხმარებელი.

მსგავსი ფაქტების შესახებ ფინანსისტებისა და საბანკო სფეროს სპეციალისტებისთვისაც ცნობილია.

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, თუკი განვადებისა და სხვა ტიპის სესხებისთვის თანხა ძირითადად მსხვილ ბანკებში იყო მობილიზებული, შემდეგში მეტ ორგანიზაციაში წავა, ხოლო სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშეც გაგრძელდება, თუმცა მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვაც ექნებათ.

"სავსებით შესაძლებელია, რომ მომხმარებელს სესხი ერთმა მსხვილმა ბანკმა არ დაუმტკიცოს, მაგრამ დაუმტკიცოს სხვამ, თუნდაც კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რაც საბანკო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. როდესაც საუბარია ახალი ტიპის რეგულაციაზე, რომლითაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტება დაინერგა, საუბარია, რომ ბანკს თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კვლავ შეუძლია, თავისი საზედამხედველო კაპიტალი 25%-ით გასცეს სესხად შემოსავლის დადასტურების გარეშე. რაღაც ბუფერი, გარკვეული თანხის ოდენობით კვლავ რჩება ბანკს, რათა სესხი გასცეს ისეთ კლიენტზე, რომელსაც არ უდასტურდება შემოსავალი და ასეთი არცთუ მცირეა. თუმცა უფრო თანაბრად გადანაწილდება განვადება მსხვილ და მცირე ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, ცხადია, საბანკო სექტორსაც ვგულისხმობ. აქამდე თუ 2 ბანკში იყო მობილიზებული, შემდეგში ეს ფული მეტ ორგანიზაციაში წავა."

ჯანიაშვილის ინფორმაციით, საფინანსო სექტორს შეუძლია, ბაზრებზე არსებული საზედამხედველო კაპიტალის 30% შემოსავლების დადასტურების გარეშე გასცეს.

როგორც წესი, კომერციული ბანკის სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს ანუ რეალურად ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. რეგულაციამდე ბანკების მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი 5,2 მლრდ ლარი იყო. ბანკებს კვლავ რჩებათ საშუალება, რომ 1,3 მლრდ ლარის სესხი გასცენ შემოსავლების დადასტურების გარეშე, უმეტესად მოკლევადიანი სესხები (გრძელვადიან სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ისედაც არ გასცემდნენ). ბაზრებზე არსებული საზედამხედველო კაპიტალის 30%-ის გაცემა შეუძლიათ შემოსავლების დადასტურების გარეშე, უბრალოდ, კონკრეტულ ბანკს თავისი შეზღუდვა აქვს", - ამბობს ჯანიაშვილი.

მთლიანობაში კი, როგორც საბანკო სფეროს ექსპერტები ამბობენ, ეროვნულმა ბანკმა არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არანაირ ხეირს არ მოუტანს არც საქართველოს მოქალაქეებს და არც - ქვეყანას.

ასე ფიქრობს ექსპერტი ლია ელიავა, რომლის შეფასებითაც, რეგულაცია გადასახედია, სავარაუდოდ, შესაცვლელი და საჭიროებს დიფერენცირებულ მიდგომას მსესხებლების კატეგორიის მიხედვით.

ლია ელიავა: "ეროვნული ბანკის რეგულაციით, მსესხებლებს აქვთ შესაძლებლობა, არ გასცენ სესხი ისეთ პირებზე, რომლებსაც არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი. ამ რეგულაციამ კანონის ძალა მიიღო. როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიდის ისეთ რისკზე, რომ აძლევს სესხს ადამიანს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი, გარკვეულწილად კანონს არღვევს. ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია მიიღო 2 მიზეზის გამო: პირველი, რომ კომერციულ ბანკებს არ ჰყავდეთ დიდი რაოდენობის მსესხებლები და ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ შემოსავალი, მთლიანად ვალებში არ ჩაეფლონ. ამ რეგულაციას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ადამიანი თავისუფლდება ზედმეტი ფინანსური ტვირთისგან და არ არის ვალდებული, ვალის დასაბრუნებლად უკანასკნელი სარჩო გაყიდოს. მეორეც, თვით კომერციული ბანკები და სხვა გამსესხებლები მეტ-ნაკლებად გარანტირებული არიან, რომ მათ მიერ გაცემული სესხი არ დაიკარგება. 

აყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა განიცდის ფულის შიმშილს ანუ მას  სერიოზული მოთხოვნილება აქვს ფულად სახსრებზე, რაც გადაკეტილი იქნა სებ-ის რეგულაციით. ფაქტობრივად, ბევრი შემთხვევაა, რომ ადამიანს არ გააჩნია შემოსავალი, იღებს სესხს ბიზნესის წამოსაწყებად, მართლა დგება ფეხზე და აღებულ ვალდებულებას ფარავს. თუმცა არის შემთხვევები, როცა სესხს იღებენ სასურველი ნივთების შესაძენად, სამოგზაუროდ და სხვა. 

სამწუხაროდ, სესხის დიფერენცირება არ მოახდინეს და ეს არის ამ რეგულაციის ერთ-ერთი ხარვეზი. გამოდის, რომ შემოსავლების დადასტურების გარეშეც შესაძლებელია სესხის აღება, მაგრამ მაღალ საპროცენტო განაკვეთში! წაქცეულს ქვა აღმართში დაეწევაო, ასე გამოდის. მსესხებლის მდგომარეობა ამით კიდევ უფრო უარესდება, ამიტომ რეგულაცია გადასახედია, სავარაუდოდ, შესაცვლელი და საჭიროებს დიფერენცირებულ მიდგომას მსესხებლების კატეგორიის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ სებ-ის რეგულაცია ვერ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რომ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც არანაირი ხეირი არ მოაქვს არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც - ქვეყნისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×