ია აბულაშვილი
28.08.2018

 "ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რომ შემდგომში იცოდეს, რა გააკეთოს, დატოვოს თავისი პარტია, გაყოს თუ ახალი შექმნას. ანუ აინტერესებს, რა სურათი იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო კამპანიასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, არ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, სამოქალაქო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, როცა სასამართლო სისტემა კრიზისშია, პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინა პრობლემის გადასაჭრელად. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა მმართველ პარტიას მისი კანდიდატურის კიდევ ერთხელ ჩაგდების საშუალება არ მისცა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას?

პაატა ზაქარეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს, კონსტიტუციით, სწორედ მას ევალება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, ეს მისი მოვალეობაა. არ ვიცი, რას ემსახურება მარგველაშვილის მოქმედება და სიჯიუტე, მისი გადაწყვეტილება გაუგებარია. თუ პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ მის წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტი მაინც ჩააგდებდა, მით უმეტეს, ბურთი პარლამენტის მოედანზე უნდა გადაეგდო და ამ თანამდებობაზე მართლაც ღირსეული კანდიდატი შეერჩია. დაამტკიცებდა თუ ჩააგდებდა მის შერჩეულ კანდიდატს პარლამენტი, ამას დაინახავდა საზოგადოება, ანუ ვინ იყო მართალი. ამ გადაწყვეტილებით კი პრეზიდენტმა საშუალება მისცა პარლამენტს, თავისი პოზიცია გაიტანოს, თუცმა მას ჯერ კიდევ აქვს დრო, ეს შეცდომა გამოასწოროს.

"რ": საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ ინტრიგად რჩება, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მასში "ოცნება" - სრულიად გამოეყოფა საარჩევნო კამპანიას პოლიტიკური თვალსაზრისით თუ მხარს დაუჭერს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს?

პ.ზ: "ოცნება" თავად არ არის ჩამოყალიბებული და ძნელია გაანალიზება, რა ფორმით ჩაერთვება ამ არჩევნებში. მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ არ აპირებენ თავიანთი კანდიდატის წამოყენებას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მისი სიტყვა გადამწყვეტი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ "ოცნება" თავის კანდიდატს არ დააყენებს, ამ გადაწყვეტილებით პარტიაში სიმშვიდე შენარჩუნდა, რადგან პარტიის შიგნით არსებულ ჯგუფებს შორის კანდიდატთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება იყო, ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდა; ახლა სიმშვიდეა და ფიქრობენ, ვინც გაიმარჯვებს - გაიმარჯვოს, ჩვენიდან არავინ იქნებაო.

თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იბრძვის, ხედავთ, რომ კანდიდატურასაც არ აყენებს, მას წინასაარჩევნო კამპანია უფრო აინტერესებს, ვიდრე შედეგი, რა გააკეთოს მომავალში, დატოვოს ეს გუნდი, გაყოს თუ ახალი პარტია შექმნას, ანუ ვისთან ერთად წარდგეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მეორე ვარიანტია, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს და ალბათ ამ საკითხზეც ივანიშვილი ჩამოყალიბებულია.

"რ": თქვენი აზრით, რას გადაწყვეტს "ოცნება" სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით?

პ.ზ: მიუხედავად იმისა, რომ მისი საარჩევნო კამპანია კრიტიკის ფონზე დაიწყო, იგი პოზიციას არ თმობს და მე ეს მომწონს; როგორც იქნა, "ქართული ოცნების" ორბიტაზე გამოჩნდა პოლიტიკოსი, რომელსაც პრინციპები აქვს, აქვს თავისი მოსაზრება და პოზიციას არ თმობს. ალბათ ამ პრინციპულობით მოსწონს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი. "ოცნება" კი მას იმიტომ დაუჭერს მხარს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს.

"რ": როგორ ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს გამარჯვების რა შანსი აქვთ?

პ.ზ: თუ "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს, მას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. რაც შეეხება "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს", ისინი ერთმანეთს ხმებს წაართმევენ. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ "ნაცმოძრაობა" ორად გაიყო და ერთიანი პარტია აღარაა. პოლიტიკაში ყველაზე ვერაგული ფორმაა, როცა შენივე განაყოფი გძირავს. თუ ეს იდეა მართლაც ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიის შედეგია, ყოჩაღ მას. ამ არჩევნების ყველაზე საინტერესო მომენტი კი, ჩემი აზრით, მაინც მეორე ტური იქნება, სადაც რეალურად გამოჩნდება, რა სურათს მივიღებთ. ამ სურათის შექმნა კი დიდწილად ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული.

"რ": საზოგადოების მაღალ აქტივობას თუ ელით ამ არჩევნებში?

პ.ზ: მაღალ აქტივობას არ ველი, რაც კარგი არ იქნება. ამიტომ მოვუწოდებ ამომრჩეველს, არ დაიზარონ და მივიდნენ არჩევნებზე, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად კონკურენტული იქნება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×