(რეზონანსი) წყალტუბოში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ნათესავია. ინფორმაციას „კურიერი" ავრცელებს.
შენგელია და ჯანელიძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. გივი შენგელიას ძმა კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
პროკურორის მეუღლე ადასტურებს, რომ გივი შენგელია მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია, თუმცა ნათია ბაკურაძე ამბობს, რომ ჯანელიძე მის მეუღლეს არასოდეს დახმარებია.
„მიხეილ ჯანელიძეს რომ ემფარველა, ის იყო მისი მკვიდრი მამიდაშვილი, ჩემი ქმარი იქნებოდა ან ქალაქის პროკურორი ან ოლქის პროკურორი ძალიან მაღალ თანამდებობაზე. ყველაფერს თავისით მიაღწია და არ იყო ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც შეეფერებოდა მინისტრის ნათესავს,"- ამბობს ნათია ბაკურაძე.
გივი შენგელიას ძმა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
„ბატონი გივი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მე ვფლობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც ავრცელებს ქვეყნის მთავარი პროკურატურა, შესაბამისად სრულ ნდობას ვუცხადებ გამოძიებას და ველოდებით გამოძიების შედეგს,"-ამბობს ირაკლი შენგელია.
სისხლიანი დაპირისპირება წყალტუბოშ 24 აგვისტოს მოხდა. დაზვერვის ასეულის მეთაურს, ღამით სახლში დასავლეთ საქართველოს პროკურატურის განყოფილების უფროსი გივი შენგელია მიუვარდა, რომელმაც მას ჯერ სცემა და შემდეგ ესროლა.
პროკურატურის მაღალჩინოსანი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.