(რეზონანსი) ხვალიდან, კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა,- ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძემ ის ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები განმარტა, რაც კანონმდებლობიათაა განსაზღვრული.
„რაც შეეხება წინსაარჩევნო კამპანიის, ანუ აგიტაციის წარმართვას, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე, 60 დღით ადრე. ანუ, 29 აგვისტოდან კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
„გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინსაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რამენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
„ასევე კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინსაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება, ასევე აკრძალულია არამხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტი თუ წინასწარ არ იყო განსაზღვრული - არ უნდა მოხდეს ისეთი მასშტაბური პროექტების განხორცელება რაც მანამდე არ იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა,შემწეობების გაზრდა, თუ ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო,ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით", - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე განმარტებით, ასევე გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
„კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის", - განაცხადა მიქელაძემ.
წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად ხვალიდან - 29 აგვისტოდან იწყება.