"თუ მმართველი გუნდი საერთოდ გამოეთიშება საარჩევნო პროცესს, მაშინ დიდი შანსია, რომ ტრადიციული "ნაციონალური მოძრაობა" ან "ევროპული საქართველო" აღმოჩნდეს საპრეზიდენტო მარათონის გამარჯვებული. ასევე, დიდი შანსი აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს, მაგალითად, ელისაშვილს," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 29 აგვისტოდან, დღეიდან, იწყება. მმართველი გუნდი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გახმოვანებას არ ჩქარობს - ამბობენ, რომ ამის შესახებ 8 სექტემბერს ამცნობენ საზოგადოებას.
რამაზ საყვარელიძე: მმართველი პარტია უფრო შიდა პროცესების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე მის გარეთ მომხდარი მოვლენების მიხედვით. "ქართულ ოცნებაში" ნაწილს საჭიროდ მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს; ნაწილი ზურაბიშვილს უჭერს მხარს და ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ უარი უნდა თქვან საპრეზიდენტო არჩევნებში ვინმეს მხარდაჭერაზე. შიდა პარტიულ კამათში ამ სამიდან რომელიც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ის გაიმარჯვებს.
"რეზონანსი": საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება გადაიფიქრა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
რ.ს.: ერთ-ერთი მიზეზი აბაშიშვილის მიერ ნათქვამი მოტივი იყო, საკონსულტაციო პროცესს მმართველი პარტია გამოეთიშა და უიმისოდ ეს წარდგენა ფორმალური იქნებოდაო. მაგრამ შეიძლებოდა კანდიდატურის დასახელება და ამ შემთხვევაში კონსულტაციები უფრო მისაღებიც იქნებოდა.
პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე, კანდიდატურის დასახელებით იგი იტყოდა, რომ პრეზიდენტი ამ ადამიანს მხარს უჭერს. უმრავლესობა რას იზამდა, ეს უკვე მისი საფიქრალი აღარ იქნებოდა. როდესაც ადამიანი საკუთარ სტილს აღარ იცავს, იქ ყოველთვის ჩნდება გრძნობა, რომ თითქოს რაიმე მიზეზი დევს ამ ყველაფრის უკან.
"რ": უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ?
რ.ს.: ალბათ აქაც შიდა პროცესები იქნება გადამწყვეტი. ფაქტია, რომ ქალბატონმა ნინომ ვერ მოახერხა შიდა პროცესების მოგვარება და ჯანმრთელობის პრობლემას იმიზეზებდა.
უპირატესობა ექნება იმ ადამიანს, ვინც ამ შიდა არეულობას მოაგვარებს, ასეთი შანსი კი სწორედ იმას ექნება, ვინც იმ დაჯგუფებაში მონაწილეობდა და წინა თავმჯდომარეს ხელს უშლიდა.
"რ": ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. თქვენ რას იტყვით ამაზე?
რ.ს.: "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც თავად უჩიოდა საზოგადოება თავის დროზე, ექნება იმის სურვილი, რომ თითი მმართველი პარტიისკენ გაიშვიროს. წინა არჩევნებმა ისე ჩაიარა, ერთი საჩივარი არ დაწერილა და, სავარაუდოდ, ახლაც იგივე მდგომარეობა იქნება, ამ არჩევნებზე რეალური დარღვევები არ იქნება.
"რ": შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს წლეულს აბიტურიენტების მიღება შეუჩერეს. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი ნაწილობრივ პოლიტიზებულია?
რ.ს.: თურქეთის პოზიციაც შეიცვალა; შეიძლება მოტივად თურქეთის მოთხოვნა დასახელდეს, მაგრამ პირდაპირ იმის თქმა, რომ ამაში პოლიტიკური ინტერესი დევს, ძალიან ძნელია.
მე მაინც ველოდები, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცემა უახლოეს დღეებში. უნივერსიტეტს ვალი ჰქონდა, რომელიც მან უკვე გადაიხადა და მე როგორც ვიცი, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზიც ეს იყო.