ია აბულაშვილი
29.08.2018

 ცნობილ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს მერილენდის შტატში, ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე, დაკრძალავენ. დღემდე უცნობია, ამ ცერემონიაზე გაემგზავრება თუ არა საქართველოდან დელეგაცია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იყო.

დაკრძალვის ცერემონიალს არ დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რადგან ეს თავად სენატორის სურვილი იყო. მან სიცოცხლეშივე განსაზღვრა იმ პირთა სია, რომლებიც მის დაკრძალვას დაესწრებოდნენ, სადაც თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა დონალდ ტრამპის გარდა, თუმცა დაკრძალვას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზტიდენტი მაიკლ პენსი. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული მედია.

უცნობია, გაემგზავრება თუ არა საქართველოდან დელეგაცია სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი იყო. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ", რომელიც მან 2008 წლის ომის დროს წარმოთქვა.

როგორც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ გვითხრა, იგი ამჟამად შვებულებაში იმყოფება და ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. უმრავლესობის დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის თქმით კი, იგი საქმის კურსში არ არის, იყო თუ არა მსჯელობა უმრავლესობაში და აპირებს თუ არა საპარლამენტო დელეგაცია გამგზავრებას სენატორ მაკკენის დაკრძალვაზე.

ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღება "რეზონანსმა" საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც ვერ შეძლო.

"საქართველოს მთავრობის სახელით ოფიციალური მისამძიმრების ფორმა დაცულია. გაემგზავრება თუ არა დელეგაცია დაკრძალვაზე, ეს უკვე პროტოკოლის საკითხია", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

"დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებ პირთა სია ჯონ მაკკეინის ოჯახისთვის არის ცნობილი. ამ სიაში ვერ მოხვდა დონალდ ტრამპიც და დიდი ტრაგედია არ იქნება, თუ წარმომადგენლები საქართველოდან ამ სიაში ვერ მოხვდნენ.

"გაემგზავრება თუ არა საქართველოს დელეგაცია დაკრძალვაზე, ეს მაინც პროტოკოლის საკითხია, თუმცა ვიცე-პრემიერის წასვლა მიზანშეწონილი იქნებოდა. თამარ ჩუგოშვილი საკმაოდ მიღებული პირია ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და შეიძლებოდა, მას მიეღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.

"ოფიციალური მისამძიმრების ფორმა მთავრობის სახელით დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ დაკრძალვის ცერემონიალზე ჩადიან სხვა ქვეყნების ლიდერები, შეიძლება საქართველოდანაც ჩავიდეს სახელმწიფოს მეთაური", - განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×