თამარ შუკვანი
29.08.2018

 არჩევნებამდე ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატებისაგან უამრავ ისეთ დაპირებებს იღებენ, რისი განხორციელების უფლებამოსილებაც კონსტიტუციურად პრეზიდენტს არ გააჩნია. მაგალითად, როგორიცაა ხელფასისა თუ პენსიის ზრდა და სხვა დაპირებები. კონსტიტუცია იცვლება და ახალი პრეზიდენტის არჩევის დღიდან შედის ძალაში.

კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მოლოდინი, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები საზოგადოებას უქმნიან, კანონმდებლოს თანახმად, ვერ განხორციელდება, რადგან ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს არ გააჩნია.

"საზოგადოება, ამომრჩეველი, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს ხოლმე. ისინი პრეზიდენტისაგან ელოდებიან ისეთ ხელშესახებ დაპირებებს, როგორიცაა პენსიისა და ხელფასის მომატება, ჯანდაცვაში ნაკლები თანხის გადახდის პერსპექტივა, წამლების ფასის დაკლება და ა.შ.  მაგრამ ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შედის და არც უნდა შედიოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში.

"ახალი კონსტიტუციისა და დღევანდელი მოქმედი კონსტიტუციის თანახმადაც, პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოებას ვერ შეჰპირდება კანონში ცვლილებასა თუ ახალი კანონის მიღებას, რადგან არ აქვს კანონის მიღების უფლება, არც დღეს და არც ახალ არჩეულ პრეზიდენტს არ ექნება ამის უფლება. "ასეთი კანონები იქნება", "ამას ასე შევცვლი" და სხვა - პატიოსანი კანდიდატი ვერ იტყვის, რადგან ეს ყველაფერი მასზე არ იქნება დამოკიდებული," - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და მას რჩება ისეთი უფლებები, როგორიცაა მოქალაქეობის მინიჭება თუ შეწყალების უფლება, რის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

"ეს არის ის საკითხები, რაც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ. შეიძლება სხვადასხვა რამ უნდოდეთ, მაგრამ მათი ყველა სურვილი ან საკანონმდებლო რეგულირებას, ან მთავრობის ამა თუ იმ კონკრეტულ მოქმედებას ეხება. პრეზიდენტი ვერც პარლამენტის საქმიანობაში და ვერც მთავრობის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

"მაშ, რისი უფლება რჩება პრეზიდენტს, რა შეუძლია უთხრას საზოგადოებას? შეუძლია თქვას, რომ განუხრელად დაიცავს კონსტიტუციას და თუკი შეამჩნია, რომ რომელიმე კანონი, ან კანონის რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის ჯერ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, რომ დაანახოს პარლამენტსა და საზოგადოებას, რომ ეს არ შეესაბამება კონსტიტუციას; თუკი მაინც მოხდა ასეთი ცვლილება, მას აქვს უფლება, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივროს ასეთი ნორმა.

"პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის რიგი საკითხები, რომელთაც იგი პიროვნულად წყვეტს. ეს არის შეწყალების, მოქალაქეობის მინიჭების უფლება. მართალია, აღმასრულებელი ხელისუფლება ამზადებს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

"აქ მას სრული თავისუფლება არ აქვს - თუ პირი აკმაყოფილებს მოქალაქეობის მიღების პირობებს, მაშინ პრეზიდენტს არ შეუძლია, უარი უთხრას ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაგრამ კარგად უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ამ პირის მოთხოვნა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებები კანონმდებლობის მიხედვით არ უნდა განისაზღვრებოდეს, რადგან პრეზიდენტს ირჩევს საზოგადოება და არჩევანიც სწორედ მასზეა.

"ეს საკითხი კანონმდებლობის მკაცრ ჩარჩოში არ უნდა ჩავსვათ. ნებისმიერი კანდიდატი, აშშ-ის, საფრანგეთისა თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, შეეცდება, ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოიპოვოს. ამისთვის სულ არ არის აუცილებელი, მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონმდებლობას დავუკავშიროთ მისი შესაძლებლობები.

"თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება და არჩეული იქნება ხალხის მიერ, მას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ ის ხალხის ნებას გამოხატავს. ამიტომაც მას საშუალება აქვს, თავისი პატარა წვლილი შეიტანოს პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაშიც კი," - აცხადებს დემეტრაშვილი.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა 2012 წლის არჩევნებში ისეთი დაპირებები გასცა, რომლებიც დღემდე არ შესრულებულა, მაგრამ ამით საზოგადოების მხარდაჭერა არ დაუკარგავს. ამიტომაც ეს შეიძლება ამომრჩევლის საკითხად ჩაითვალოს და არა - კონსტიტუციის.

"ის, რასაც ხალხს ჰპირდებიან, მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებაა, მაგრამ თუკი აირჩევენ, შეეცდება, შესაბამისი ცვლილება შეიტანოს, ან მოითხოვოს ცვლილების შეტანა საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციაში.

"რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მათ სურთ, მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა იმ დაპირებებით, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ შესრულდეს, ან არც კი გაახსენდეთ. 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" უამრავი ისეთი დაპირება გასცა, რაც ოცნებად უნდა აღვიქვათ. ისინი არ შესრულებულა, მაგრამ "ოცნებას" მხარდამჭერები არ დაუკარგავს.

"არავინ ზღუდავს კანდიდატის შესაძლებლობას, გასცეს დაპირებები, რადგან კანონმდებლობა ამას არ ეხება. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად რეალურია იმ დაპირებების განხორციელება, რომელთაც პრეზიდენტობის კანდიდატი იძლევა. ეს ამომრჩევლის საკითხია და არა კანონმდებლობის," - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×