ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან. მისი აზრით, არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა, მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია. იგი დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ ყველა და პირველ რიგში, მე ვარ დამნაშავე, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაშია. ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ჩვენ წინ 90-იანი წლების მსგავსი უდიდესი ტრაგედია გველოდება, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც ყველაფერს ვკარგავთ. ხელისუფლება უმოქმედოა, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ და ახლაც დავკარგავთ. თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ. ეს გინდათ? მე ეს არ მინდა! სწორედ ამიტომ ვარ აქ, ასლან ბჟანიას მხარდასაჭერად. ამ ხელისუფლებას და ამ პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. აფხაზეთში ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში ვიმყოფებით“, – თქვა შამბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერდება.