(რეზონანსი) როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს, არ შეიძლება ხალიჩა ან რაიმე ისეთი იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
საქმე ეხება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოდან გამგზავრების დროს, თავად კანცლერის შეკითხვას პრემიერისადმი, თუ რატომ არ იყო თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე წითელი ხალიჩა დაგებული.
პრემიერის თქმით, გერმანიის კანცლერს აქვს კარგი იუმორის გრძნობა და მისი შეკითხვა სწორედ ხუმრობით იქნა დასმული.
"ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს", - აცხადებს პრემიერი.