თამარ შუკვანი
29.08.2018

 „პატრიოტთა ალიანსის" წევრი და „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი კოტე მორგოშია ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. საქმე ეხება ფეისბუქში კოტე მორგოშიას მხრიდან კაშიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„კაშიას რაღაც თემასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალების შესახებ არაფერი ვიცი," - „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა კოტე მორგოშიამ.

მორგოშია 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩაშლით იმუქრებოდა და დინამო არენასათან აქციის გამართვას აანონსებდა.

„საქართველოს ნაკრები თამაშობს ცხრაში, უამრავი გულშემატკივარი გვიკავშირდება, ათასობით წერილი მოდის, რომ მივიდეთ და საშუალება არ მივცეთ, რომ ითამაშოს. ძალით კი არ ჩავუხტებით სტადიონზე, უბრალოდ არ გვინდა, რომ იქ გამოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით...

„ძალადობას არ ვაპირებთ. ყოველ შემთხვევაში, რასაც გვაბრალებენ-ხოლმე. ათასობით ადამიანი მიდის და პროტესტი, სტვენა, რა ვიცი, ზურგით შევუბრუნდებით და შერცხვება, ინამუსებს და გავა, ალბათ, ან არ გამოიყვანს მწვრთნელი," - განაცხადა მორგოშიამ „ფეისბუქში."

რამდენიმე დღის წინ უეფამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის თანასწორობის ჯილდო გადასცა და შეურაცმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარებიც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა, რომლის შემდეგაც გურამ კაშიამ საკუთარი ოფიციალური გვერდი „ფეისბუქში" გააუქმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ შსს თავის უფლებამოსილებას აჭარბებს და ფეისბუქგანცხადების გამო მორგოშიას დაბარებას უსამართლოს უწოდებს.

„მგონია, რომ შსს-ს მოჩვენებები აქვს დაწყებული და მათ უკვე გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას ყველანაირად. ის თანდათან ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ახორციელებს აბსოლიტურად უკანონო და სულელურ ქმედებებს.

„ფეისბუქპოსტის გულისთვის იბარებენ ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს კაშიას დაცვას, მაშინ როდესაც კაშიას არც არავინ ერჩის. მან თავის თავს თავად ავნო, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე თავი მოჭრა საქართველოს.

„ლგბტ თემის მხარდაჭერა მამაკაცისგან და თანაც იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე უცხოელმა ფეხბურთელმა უარი განაცხადა ლგბტ თემის სამკლაური გაკეთებაზე," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×