ოპოზიციის კიდევ ერთი ბრალდება ცესკოს თავმჯდომარეს; გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" კიდევ ერთ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ გაერთიანების საპრეზიდენტო კამპანიის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე საუბრობს.
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ჩვენ მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონგარეშე ქმედებას, კანონის საწინააღმდეგო მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს და შეგახსენებთ, რომ მათ 63 ცოლი დანიშნეს ამ კომისიებში.
„ამ მითითებაში პირდაპირ ეუბნებიან - იმ მოთხოვნაზე, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ გასაუბრება მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული, დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან, ვციტირებ: „თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს. თუ ვინმეს ეს მოუნდება, სხვაგან გაესაუბრონ". ანუ აუკრძალეს კიდეც საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებში შეშვება ამ კანდიდატების გასაუბრებისთვის.
„გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ, „მესიჯბოქს" აძლევენ ე.წ. დამოუკიდებელ კომისიის წევრებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს, რა განცხადება და განმარტება უნდა გააკეთონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. მინდა მივმართო თამარ ჟვანიას - ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ქალბატონო თამარ, არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ თქვენი ყველა დანაშაულებრივი ქმედება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.