ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-მდე სავაჭრო ობიექტი დაიწვა. მთლიანობაში ფართი 500 კვადრატს მოიცავს. ხანძრის ჩაქრობას სამ საათზე მეტი დასჭირდა. ადგილზე 10 სახნაძრო მანქანა და 65 მაშველი მუშაობდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა როგორც სავაჭრო ობიექტის მეპატრონეები ამბობენ, ზარალი საკმაოდ დიდია.
ბათუმში, სავაჭრო ობიექტში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას და ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხანძრის შედეგად სერიოზული ზარალი მიადგათ, მაღაზიები კი დაზღვეული არ ჰქონიათ.
„საქონელი მთლიანად დაგვეწვა. ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული. როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცით“, - აცხადებენ მოვაჭრეები.
ზარალის შესწავლას დილიდან დაიწყებს ბათუმის მერია. მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, ანაზღაურების საკითხი სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.