ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განცახადა, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.
„1000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება",- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია.
ამასთან, 39 000-ზე მეტი აპლიკანტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 000 მათგანი.
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა. ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ცენტრალიზებულად, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავში 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.