თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ ხელისუფლებას ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის პოლიტიკური ნიშნით ჩაგდებაში ადანაშაულებს, რომელიც ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით აშენდა. შაშკინი აცხადებს, რომ ივანიშვილმა "ათასობით ქართველ სტუდენტს ამერიკული განათლების უფასოდ მიღების შანსი წაართვა".
„ეს არის ქართული ოცნების სახე. ბათუმში, ამ შენობაში უნდა განთავსებულიყო ამერიკული, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი აშენდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით. სააკაშვილის იდეის თანახმად, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებოდათ, ბათუმში ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი მიეღოთ. ეს ყველაფერი კი მათთვის სრულიად უფასო იქნებოდა," - განაცხადა „ნიუპოსტთან" საუბრისას.
შაშკინის თქმით, ამჟამინდელმა მთავრობამ უნივერსიტეტის გახსნა გააუქმა და შენობაში კაზინო და სასტუმრო განათავსა. ასევე, დასძინა, რომ აღნიშნულ შენობაში ბინებს რუსი მაღალჩინოსანები ყიდულობენ.
„სწორედ ეს იდეა და შენობა არ მოსწონდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს და შესაბამისად, მთავრობამ გააუქმა აღნიშნულ შენობაში უნივერსიტეტის გახსნა და იქ სასწავლო დაწესებულების ნაცვლად გააკეთეს კაზინო. ამ შენობაში რუსი, კორუმპირებული ჩინოვნიკები ყიდულობენ ბინებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ შენობაში ქართველი სტუდენტები ყოფილიყვნენ, დღეს იქ რუსი კორუმირებული მაღალჩინოსნები არიან.
„როდესაც დახურეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე უკეთეს შენობას ააშენებდა, თუმცა კარგად ხედავთ, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არავითარი უნივერსიტეტი არ არის. შემდეგი დაპირება იყო, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ქუთაისში გახსნიდნენ, თუმცა იქაც არაფერია, მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" მმართველი გუნდის დეპუტატებს ესაუბრა. უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და რაც შეეხება შაშკინის განცხადებას, დასძინა, რომ „დასაჯერებელი არაფერია."
„რაც შეეხება შაშკინსა და მის განცხადებას, ასეთი განცხადებები ბუნებრივია და მათი მხრიდან დასაჯერებელიც არაფერია, თუმცა კიდევ ვიმეორებ, სიღრმისეულად არ ვიცი ეს თემა," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
„რაღაც სისულელეებზე, ვიღაც შაშკინის განცხადებებზე, არ ვაკეთებ კომენტარს, მადლობა," - გვითხრა აკაკი ზოიძემ.