ელზა პაპოშვილი
30.08.2018

 ოკუპირებულ ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე სასწავლო განგაში გამოცხადდა. არის თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცვლელი მსგავსი წვრთნები და რას ემსახურება რუსეთის მხრიდან საგანგეებო მდგომარეობის გამოცხადება. ანლიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები ყოველთვის საფრთხის მატარებელია და არავინ იცის, რუსეთს რა შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული. მითუმეტეს წვრთნებში მონაწილე არც შეიარაღების და არც სამხედრო ტექნიკის შესახებ საქართველოს ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია.

ვიცით მხოლოდ ის, რომ 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ერთკვირიანი სწავლება დაიწყეს.

სავარაუდოდ, წვრთნებში 1 500 სამხედრო-მოსამსახურე და 400 ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობს. საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შემდეგ რუსი ოკუპანტები დანიშნულების ადგილებზე გადანაწილდნენ და სამხედრო ობიექტების დაცვაში ივარჯიშეს.

პარალელურად, ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნას ჩაატარებენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ასეულები. მანევრები ორ პოლიგონზე რამდენიმე ეტაპად გაიმართება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პოლიტიკურ და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამხედრო მანევრები და მასშტაბური ტაქტიკური სწავლებები ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა. მსოფლიოში მსგავსი წვრთნები ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის არასასურველ გამოწვევად ითვლებოდა.

გენერალი ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს და რუსეთის სამეზობლო ურთიერთობებს არ ეხება. მსგავსი წვრთნების დროს, ყოველთვის არსებობდა შეთანხმება, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ეს იყო გეგმიური სამხედრო სწავლებები და აწვდიდნენ ინფორმაციას ამ სწავლებს დროს რა სახის იარაღის და სამხედრო ტექნიკის გამოყენება მოხდებოდა, რადგან მეზობელ სახელმწიფოს არ ჰქონოდა განცდა, რომ მოულოდნელად მას თავს დაესხმებოდნენ.

„როგორც წესი, მასშტაბური სწავლებების დროს, სასაზღვრო ზოლში, მეზობელი სახელმწიფოს დამკვირვებლებს იწვევდნენ, რათა სწავლების დროს თვალყური მიედევნებინათ, ხომ არ აპირებდა ეს სახელმწიფო ისეთი მანევრების განხორციელებას, რომელიც საფთხეს მას შეუქმნიდა.

"რუსეთი ამ ყველაფერს უკვე დიდი ხანია რაც არღვევს. მითუმეტეს, რომ ეს სწავლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მან ასეთი წვრთნები თავის ქვეყანაშიც რომ ჩაატაროს, მაინც ვალდებულია, მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლები მიიწვიოს დამკვირვებლად. საქართველოს ხელისუფლება ყველა შემთხვევაში ასეთ მანევრებთან დაკავშირებით უნდა გააფრთხილოს. რუსეთი ამას არ აკეთებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავის ტერიტორიაზეც. თუ აფრთხილებს რომელიმე მეზობელ ქვეყანას, ამ შემთხვევაშიც შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის მალავს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან".

„რუსების აქტიურობა შეიმჩნევა სომხეთში, აზერბაიჯანში და ასევე საქართველოშიც. მიუხედავად ამისა, მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსეთი კვლავ ღია სამხედრო ინტერვეციას განახორციელებს, რადგანაც ამის ნიშნები არ არსებობს. ასეც რომ იყოს, მე მაინც მსგავსი სცენარების ღიად განხილვას არ ვეთანხმები. ვისაც საინფორმაციო ომი ესმის, ეს მოწინააღმდეგის ინეტერესებში შედის.

"ჩვენ რომ დიდი ქვეყანა ვიყოთ, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, ამ რიტორიკას ავყოლოდით. რუსეთი სამხედრო ინტერვენციას ღიად არ განახორციელებს. მათ უკვე დახვეწეს თავისი მოქმედების წესები. ვნახეთ, რომ 2008 წლის ომში სრულიად სხვა სცენარი ჰქონდათ დაა უკრაინაშიც სრულიად სხვა სცენარი გაითამაშეს.

"ისინი ღიად არც 2008 წლის ომის დროს მოქმედებდნენ. უბრალოდ შეეცადნენ შეექმნათ რაღაც ფონი და შეექმნათ სიტუაცია, რათა სამხედრო მოქმედებების პროვოცირება მოეხდინათ, რაც წარმატებით გამოუვიდათ. რუსეთისგან ახლა ინფორმაციულად შეფუთულ სცენარებს უნდა ველოდოთ", - აცხადებს სალუქვაძე „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ 1981 წლის შემდეგ, რუსებს მსგავსი მასშტაბური წვრთნები აღარ ჩაუტარებიათ. მაშინ კი იმ წვრთნებს პოლონეთში შეჭრა მოჰყვა.

„რუსეთს დღეს ორი მთავარი ამოცანა აქვს, ეს არის საქართველოს და უკრაინის მიმართულებით სამხედრო პოზიციების და ინტერვეციის ელემენტების გაძლიერება. შემთხვევითი არ არის, როდესაც ოკუპირებული ცხინვალი ოკუპირებულ დონბასთან დააკავშირეს. დაიდო სტარტეგიული ხელშეკრულება და ფაქტობირვად სამხედრო ალიანსში იმყოფებიან. ე.წ. ცხინვალის და დონბასის ხელისუფლებები ერთმანეთთან ასვე ფინანსურადაც თანამშრომლობენ.

" აქ არის შავი ფულის და იარაღის მოძრაობა. სამწუხაროდ რუსები ჩვენთან მიმართებაში უფრო მომგებიან სიტუაციაში იმყოფებიან, ვიდრე დონბასში. უკრაინელებმა უფრო დიდი სამხედრო გამოცდილება მიიღეს და მათი შეიარაღებული ძალების დამარცხება ასე იოლი არ არის. თუ შიდა პოლიტიკური გადატრიალება არ მოხდა. სამწუხაროდ ჩვენს სამხედრო ძალებზე იგივეს თქმა გაგვიჭირდება", - აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, პუტინს ბოლო საპრეზიდენტო წელი აქვს და ის საკუთარი გეეგმების შესასრულებლად ყველა ღონეს იხმარს. რუსეთი საშინაო დავალებას კავკასიის მიმართულებით უკვე წარმატებით ასრულებს. აზერბაიჯანი ოდკაბე-ში (კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია) შესვლას აპირებს. არსებობს გეგმა, რომ ოდეკაბე-ში მაპის ტიპის სტატუსი შემოიღონ და აზერბაიჯანი როგორც კი ამას მიიღებს, საქართველო ავტომატურად იზოლაციაში მოხვდება. მაისაია ამბობს, რომ საქართველო ფაქტობრივად ერთ დიდ ტომარაში ხვდება და ჩვენი ვითარება ძალაინ მოწყვლადი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×