კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი დღის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით ბიძაშვილი მოკლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მან, ქუჩაში ჩხუბის დროს, მოჩხუბრების შესაშინებლად ჰაერში რამდენჯერმა გაისროლა, გასროლის შედეგად კი ბრმა ტყვია მისავე ბიძაშვილს მოხვდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი ახალგაზრდა მამკაცმა სახესთან მიბჯენით საკუთარი იარაღითვე იქვე თავი მოიკლა.
ადგილობრივები „რეზონანსთან" მომხდარის შესახებ დეტალებს ჰყვებიან. მათი თქმით, ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ყოფილი სამართალდამცველი და, სავარაუდოდ, იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა. მან უბანში მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველება ამ ფორმით სცადა, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა.
სოფელ ნოსტენის ერთ-ერთი მკვიდრი გვიყვება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სახლში იმყოფებოდა, როდესაც ქუჩაში ჩხუბის ხმა გაიგონა. გარეთ გამოსულმა მოჩხუბრებს შორის საკუთარი ბიძაშვილი ამოიცნო და მის დასახმარებლად მივიდა. ის ადგილზე სიტუაციის განმუხტვას შეეცადა, თუმცა ახალგაზრდებმა მისი თხოვნა, რომ დაშლილიყვნენ, არ გაითვალისწინეს.
ადგილობრივი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელის ბიძაშვილს სცემდნენ და როდესაც მისი დახმარება ვერ შეძლო, იარაღის ჰაერში გასროლით ჩხუბის განმუხტვას შეეცადა, თუმცა მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა. გასროლის შემდეგ ახალგაზრდა თავში დაიჭრა და ის სასწრაფოს მოსვლამდე ადგილზევე გარდაიცვალა. მისმა ბიძაშვილმა კი ამის შემდეგ ირაღი პირში ჩაიდო და ერთი გასროლით იქვე თავი მოიკლა.
„ორივე ოჯახი სრულიად უმიზეზოდ გაუბედურდა. სოფელში ცოდვა ტრიალებს . ეს არის საშინელი ტრაგედია, ორი ვაჟკაცი და საუკეთესო ახალგაზდა ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. საწყალს სახლში ბიძაშვილის ხმა გაუგონია, ძმებივით იყვნენ. გამოქცეულა, ჩემს ძმას სცემენო. ყოფილი პოლიციელი იყო და, როგორც ვიცი, იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა. ჯერ გაშველება უცდია, იქნებ დამშვიდნენო. რომ არ დაწყნარდნენ, იარაღი ამოუღია და ჰაერში შესაშინებლად რამდეჯერმე გაუსვრია. ერთი ბრმა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მის ბიძაშვილს.
"ის საწყალი ბიჭი იქვე ჩაკეცილა, უთქვამს, ვაიმე, მგონი დამჭერიო. მივარდნენ, მაგრამ მაშინვე გარდაიცვალა, ვერაფერი უშველეს. ასე საცოდავად მკლავებზე ჰყოლია გადასვენებული. შენს საშველად გამოვედი და მევე მოგკალიო, ერთი ეს უთქვამს, გაუშვია ხელი მიცვალებულისთვის, წამომდგარა, იარაღი პირში ჩაუდია და თავი იქვე მოუკლავს. მის გვერდით დალია მანაც სული. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, იარაღის წართმევაც ვერ მოასწრეს", - აცხადებს სოფელ ნოსტენის მცხოვრები „რეზონანსთან".
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.