ყოფილი პროკურორი გივი შენგელია, რომელიც დაზვერვის ასეულის მეთაურზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული, ამბობს, რომ სამხედრო მაღალჩინოსანთან, გიორგი მეტრეველთან, პირადი უთანხმოება ჰქონდა, თუმცა მას მეტრეველის მისამართით იარაღი არ უსვრია.
"გიორგი მეტრეველთან არანაირი სამსახურებრივი, მით უმეტეს, პოლიტიკური რაღაც დავა ან უთანხმოება არ მქონია. ჩვენ, როგორც ორ მამაკაცს, პირადი უთანხმოების გამო, კონფლიქტი მოგვივიდა, რაც შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამოწურულია. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება. გიორგი მეტრეველის მიმართ მე არანაირი იარაღი არ გამისვრია, არც მქონია მცდელობა ვინმეს სხეულის, ჯანმრთელობის, მით უმეტეს, სიცოცხლის დაზიანება. კარგად მქონდა გათვისებული, როგორც თანამდებობის პირს, როგორც პროკურორს, იარაღის ფლობის, შენახვის, გამოყენების გარემოებები“, - განაცხადა გივი შენგელიამ.
იგი დღეს სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.